ინტერნეტგვერდმა "WikiLeaks"-მა საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩის ჯონტ ტეფტის წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ელჩი საქართველოსა და რუსეთს შორის ენგურის ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ საუბრობს.
საქართველოსა და რუსეთს შორის მომხდარი აგვისტოს ომის შემდეგ, ოთხ თვეში რუსულმა კომპანია "ინტერ რაო ეესმა"განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ 2008 წლის აგვისტოში მან საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მართვას ეხებოდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლება დღემდე ამ ხელშეკრულების დეტალებს არ ახმოვანებს.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, რომელსაც ელჩი წერილში "გონიერ და ფრთხილ ტექნოკრატად" მოიხსენიებს, შეხვედრის დროს ამ გარიგებას "ინტერ რაო ეესთან" "ავანტურისტულს" უწოდებს, რომელზეც ქართულ მხარეს წასვლა რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მუშაობის სტაბილურობის პერსპექტივის გაურკვევლობის არსებობის გამო მოუწია.
ხეთაგურმა განაცხადა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ მას ჰქონდა შეხვედრა "ჩერნომორენერგოს" დირექტორთან რეზო ზანთარიასთან, რომელიც აფხაზური მხრიდან ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მუშაობაზე იყო პასუხისმგებელი.
"ზანთარიამ მოითხოვა აფხაზებისათვის გადაგვეცა ენგურის ჰიდროელექტროსადგურის კუთვნილების 50 % -ის უფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტით დაიმუქრა", - ციტირებს ხეთაგურის სიტყვებს ამერიკის ყოფილი ელჩი.
პარალელურად, ქართველი მინისტრი მოლაპარაკებებს რუსულ კომპანიასთან ახორციელებდა. მან, თავის მხრივ, საკუთარი პირობები წამოაყენა, რომელიც ხეთაგურის აზრით, ქართული მხარისათვის უფრო ნაკლები რისკის შემცველი იყო.
"ინტერ რაო ეესი" დასთანხმდა იმას, რომ ენგურის ჰიდროელექტროსადგური საქართველოს 100 % კუთვნილებაში დარჩება. იცვლებოდა მხოლოდ ობიექტის მმართველობის სისტემა: რუსული მხარე ცვლიდა ენგურის ჰიდროელექტროსადგურზე არსებულ აფხაზ ხელმძღვანელებს თავისი წარმომადგენლებით.
რუსული კომპანია, ასევე თავის თავზე იღებდა 15 წლის განმავლობაში თბილისისათვის ყოველწლიურად, დაახლოებით 15 მილიონი ლარი გადაეხადა იმ ელექტროენერგიის გამო, რომელიც ენგურის ჰიდროელექტროსადგურიდან აფხაზეთში გადადიოდა.
ხეთაგურმა ასევე უთხრა ამერიკის ელჩს, რომ 90-იანი წლების დასაწყისიდან აფხაზეთი ამ ელექტროენერგიით უფასოდ სარგებლობდა.
ხეთაგურმა ასევე უთხრა ამერიკის ელჩს, რომ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რუსული კომპანიის მმართველობაში გადაცემით, "მცირდება რისკი იმისა, რომ დამბა სამხედრო გზით იქნება ხელში ჩაგდებული".
მემორანდუმის მიხედვით, რუსული კომპანია იღებდა უფლებას თავისი შეხედულებისამებრ განეკარგა ენგურის ჰიდროელექტროსადგურის ელექტროენერგიის 40 %, მათ შორის, გამოეყენებინა ქართული არხები მისი ექსპორტირებისათვის რუსეთსა და თურქეთში.
მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, ამ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის ქვეშ ხელმოწერები დღემდე არ დგას. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი კი აცხადებს, რომ შეთანხმებაზე მუშაობა რუსული მხარის ინიციატივით შეჩერდა, სწორედ ამის გამო, მემორანდუმის პირობები განუხორციელებელი დარჩა.