უკანონო ტყითსარგებლობაზე ჯარიმების ოდენობა 400-დან 4000 ლარამდე გაიზარდება.
"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" დღემდე არსებული ნორმის თანახმად, უკანონო ტყითსარგებლობა, ტყით სარგებლობის ლიცენზიის (გენერალური ლიცენზიის), ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიისა და ხელშეკრულების ან ბილეთის გარეშე, ან აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებულ პირობათა დარღვევით იწვევდა დაჯარიმებას 400 ლარიდან 500 ლარამდე, ასევე საშეშე მერქნის დამზადება საშეშე მერქნის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე ჯარიმდებოდა 50 ლარიდან 100 ლარამდე.
პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებების თანახმად კი, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ტყის დამზადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტების გარეშე, ან სამონადირეო მეურნეობის მოწყობა სათანადო ლიცენზიის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევი საგნის კონფისკაციით, სამართალდარღვევი იარაღის კონფისკაციით ან მის გარეშე.
იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 1000 ლარით განისაზღვრება, სამართალდამრღევის საგნის და იარაღის კონფისკაციით.
ამასთან, ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის, ან ტყითსარგებლობასთან დაკავშირებული შესაბამისი ხელშეკრულების პირობებისა და მოთხოვნების დარღევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, სამართალდამრღევის საგნის და იარაღის კონფისკაციით ან მის გარეშე, ხოლო იგივე დანაშაულის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 4000 ლარამდე გაიზრდება, სამართალდამრღევის საგნის და იარაღის კონფისკაციით.