ივლისიდან, ყოფილი „დეზერტირების ბაზარი" შესაძლოა, 1 წლით და 3 თვით დაიხუროს. „დეზერტირების ბაზრის" მფლობელი ს კომპანიის „თბილისი მოლის" დირექტორმა რევაზ ქადაგიძემ განაცხადა, რომ მენეჯმენტი ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების დაწყებას გეგმავს.
მისივე თქმით, ახალი ბაზრის მშენებლობის პროექტს ამჟამად მერიაში განიხილავენ, ძველი ბაზრის ტერიტორიაზე კი უშუალოდ სამუშაოების წარმოება ივნისის ბოლოსთვის დაიწყება.
ქადაგიძის განმარტებით, კომპანიას ბაზრიდან მოვაჭრეების გაყვანის გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ აქვს. „საეჭვოა, რომ ტერიტორიაზე მშენებლობა სავაჭრო პროცესის პარალელურად შევძლოთ. საბოლოო გადაწყვეტილებას სამშენებლო კომპანიის შერჩევის შემდეგ მივიღებთ, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით ბუნებრივია, რეკომენდაციებს მოგვცემს", - აღნიშნა ქადაგიძემ.
ამჟამად ბაზრის ტერიტორიაზე ასობით ფიზიკური და იურიდიული პირი ვაჭრობს, რომლებსაც შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ალტერნატიული სავაჭრო ფართების მოძიება მოუწევთ. ერთ-ერთი ალტერნატივაა „დიდუბის მარკეტი", რომლიც „დეზერტირების ბაზართან" ახლოსაა და ბევრად უკეთესი პირობებია სავაჭროდ. მოედანი აღჭურვილია ულტრათანამედროვე სამაცივრე მეურნეობით და ევროსანდარტების სავაჭრო ფართებით.
მისი თქმით, პროექტის სავარაუდო ღირებულება 10-15 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. თანხების ნაწილს კომპანიის დამფუძნებლები მიიზიდავენ, დარჩენილ ნაწილს კი „თბილისი მოლი" ერთ-ერთი კომერციული ბანკისგან სესხად აიღებს.
ქადაგიძის განცხადებით, ახალი ბაზარი ექსპლუატაციაში 2012 წლის ოქტომბერში შევა.
არსებული პროექტის მიხედვით, სამსართულიანი ბაზრის მშენებლობა იგეგმება. აქედან, პირველ სართულზე საბითუმო ბაზარი, მეორეზე - საკოლმეურნეო, ხოლო მესამე სართულზე შერეული ტიპის ბაზარი განთავსდება, სადაც ავეჯისა და ტანსაცმლის გარდა, ყველანაირი წვრილმანი გაიყიდება.
კომპანია პირველ და მეორე სართულებს გააქირავებს, ხოლო მესამე სართულის მართვას თავად განახორციელებს.
ყოფილი „დეზერტირების ბაზარი" 2007 წელს სს „ლაერტ ზუბადალაშვილმა" შეიძინა, თუმცა შემდეგ „თბილისი მოლზე" გადაყიდა. როგორც ქადაგიძე ამბობს, კომპანია ოფშორშია რეგისტრირებული და მას რამდენიმე დამფუძნებელი ჰყავს.