დღეს, 3 მაისს, 14:00 საათზე, ახალციხეში, ჰარალოს მთაზე ახალციხის 500/400/220 კვ. ქვესადგურისა და მუდმივი დენის ჩანართის მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი.
სახელმწიფო ელეტროსისტემის ინფორმაციით, ეს არის შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტის შემადგენელი ნაწილი. რომელიც შპს. "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა" და მისი შვილობილი კომპანიის "ენერგოტრანსის" მიერ ხორციელდება. ამ პროექტის საკონტრაქტო ღირებულებაა 158,8 მილიონი ევრო.
სხვა მაღალი რანგის სტუმრების გარდა, ოფიციალურ გახსნას საპატიო სტუმრების რანგში დაესწრებიან დონორი ორგანიზაციების რეგიონალური ოფისების ხელმძღვანელები.
ახალციხის 500/400/220 კვ. ქვესადგურისა და მუდმივი დენის ჩანართის მშენებლობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც საქართველოს, ასევე მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემებისთვის, მისი მდგრადობისა და სტაბილურობისათვის.
საქართველო იქნება პირველი ქვეყანა კავკასიაში, სადაც მუდმივი დენის ჩანართი იქნება დამონტაჟებული.
აღნიშნული ქვესადგურიდან თურქეთის მიმართულებით გამავალი, ამჟამად მშენებარე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის საშუალებით მოხდება ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტისა და ტრანზიტის განხორციელება. პროექტის განხორციელების შემდეგ ასევე მნიშვნელოვნად შემცირდება ელექტროენერგიის დანაკარგები.