მართვის მოწმობის აღება 18-ის ნაცვლად, 17 წლიდან იქნება შესაძლებელი. ცვლილება შინაგან და განათლების სამინისტროების ერთობლივი ინიციატივის საფუძველზე მომზადებული ის კანონპროექტი ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც სკოლებში საგზაო ნიშნებისა და მოძრაობის წესების სწავლება დაინერგება.
როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, ეს ახალგაზრდებისთვის სახელმწიფოს მიერ გაკეთებული საჩუქარია.
"ჩვენ განათლების სამინისტროსთან ერთად გამოვდივართ ინიციატივით, რომელიც A და B კატეგორიების მართვის მოწმობების გაცემას 17 წლის ახალგაზრდებისთვის ითვალისწინებს... ჩვენი ამოცანა ახალგაზრდები აქტიურად ჩავრთოთ თანამედროვე ცხოვრებაში. ავტომანქანის მართვა ეს არის ერთ-ერთი ნიშანი ზრდასრულობიდა და მიმაჩნია, რომ ახალგაზრდები 17 წლის ასაკშიც ისეთივე ზრდასრულები არიან, როგორც, მაგალითად, ჩემს ასაკში", - განაცხადა მერაბიშვილმა მთავრობის სხდომის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე განმარტებით, ორი სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით, მოსწავლეები, რომლების სკოლაში შესაბამის სწავლებას გაივლიან და ჩათვლასაც მიიღებენ, მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო გამოცდაზე უფასოდ გავლენ და მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მოწმობასაც უფასოდ მიიღებენ.
"უფასო იქნება გამოცდაზე გასვლის პირველი მცდელობა და წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მართვის მოწმობის აღებაც. ამას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო დააფინანსებს და ეს იქნება სახელმწიფოს მიერ ახალგაზრდებისთვის გაკეთებული საჩუქარი. იმედი მაქვს, ეს წაახალისებს სკოლის მოსწავლეებში მოძრაობის წესების ცოდნას, საქართველოს ქალაქების გზებს კი დაამსგავსებს ევროპული ქალაქების გზებს. დარწმუნებული ვარ, ამ პრაქტიკის დანერგვის შემდეგ ბევრად უფრო უსაფრთხო იქნება მოძრაობა. იმედია, ეს ექსპერიმენტი გაამართლებს", - აღნიშნა შს მინისტრმა.
ამასთან, ვანო მერაბიშვილის განმარტებით, ინიციატივა 17 წელს ზემოთ მოსწავლეებისთვის მართვის მოწმობის გაცემისას გარკვეულ შეზღუდვებსაც ითვალისწინებს.
"შეზღუდვაა ის, რომ ახალგაზრდაზე მართვის მოწმობის გაცემა მოხდება მხოლოდ მშობლის ხელმოწერით დადასტურებული თანხმობის საფუძველზე, რომ ის ენდობა საკუთარ შვილს. ამასთან შეზღუდვა იქნება ის, რომ მოსწავლეს, რომელიც ე.წ. დროებით მართვის მოწმობას მიიღებს (რადგან როგორც კი ის 18 წლის გახდება ყოველგვარი ახალი გამოცდების გარეშე ავტომატურად შეიცვლება და მიიღებს საერთაშორისოდ აღიარებულ მართვის მოწმობას) არ ექნება უფლება იმუშაოს ამ საქმიანობით, როგორც პროფესიონალმა და აწარმოოს მგზავრთა გადაყვანა. გარდა ამისა, ერთი და იგივე ჯარიმის გამეორების შემთხვევაში, მას ერთი წლის ვადით ჩამოერთმევა მოწმობა, სიმთვრალის, ან დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი 18 თვიანი აკრძალვით ისარგებლებს", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პრაქტიკა რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთ შტატსა და გერმანიაში უკვე დანერგილია.
ინიციატივა ცვლილებებს "ერთიან ეროვნულ სასწავლო გეგმაში" ითვალისწინებს. კანონპროექტი პარლამენტს განსახილველად ხვალ გადაეგზავნება.