"ბუნებრივი დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელ სამთავრობო კომისიას" ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი უხელმძღვანელებს.
აღნიშნული კომისია მხოლოდ ბუნებრივი დანაკარგების მაქსიმალურ ზღვრულ ოდენობებს დაადგენს. ხოლო საწარმოო პროცესთან დაკავშირებულ საწარმოო დანაკარგების მაქსიმალური ზღვრულ ოდენობებს, საქონლის გამოსავლიანობისა და საწარმოო პროცესთან დაკავშირებული სხვა ტექნიკური ნორმების რეგულირება შემოსავლების სამსახურის პრეროგატივა იქნება.
ფინანსთა სამინისტროში ფიქრობენ, რომ აღნიშნული მექანიზმი არა მხოლოდ მნიშვნელოვნად შეამცირებს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მეწარმეთა საჩივრების განხილვის პროცედურებისათვის დადგენილ ვადებს, არამედ ჩამოაყალიბებს მარტივ და ეფექტურ სისტემას ზღვრული ოდენობებისა და ნორმების დადგენისათვის. სისტემა ასევე მნიშვნელოვნად გაუმარტივებს მეწარმეებს საგადასახადო აღრიცხვიანობას და მომავალში შეამცირებს გადასახადის გადამხდელებსა და საგადასახადო ორგანოს შორის დანაკარგებთან/გამოსავლიანობის ნორმებთან დაკავშირებული საჩივრების რიცხვს.
როგორც ცნობილია, შემოსავლების სამსახური ბიზნესს წარმოების პროცესში არსებული დანაკარგების ახალ რეგულაციას სთავაზობს. ინიციატივის მიხედვით, მეწარმეებს საწარმოო დანაკარგები 100%-იან საქონლის მიწოდებაში აღარ ჩაეთვლებათ.
განისაზღვრება საწარმოო დანაკარგების ზღვრული ოდენობა. საწარმოო დანაკარგებს განსაზღვრავს შემოსავლების სამსახურის სპეციალური კომისია. კომისია უფლებამოსილი იქნება, საგადასახადო შემოწმების დროს საწარმოში არსებული საწარმოო დანაკარგის არსებობის შემთხვევაში, განსაზღვროს დანაკარგის ზღვრული მოცულობა. თავის მხრივ, გადამხდელს შეუძლია მიმართოს კომისიას და წინასწარ მოითხოვოს დანაკარგის ზღვრული მოცულობის განსაზღვრა.
ბუნებრივი დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი სამთავრობო კომისიაში, ფინანსთა მინისტრის გარდა შევლენ: სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი - კახაბერ გულედანი; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის
მოადგილე - მამუკა ვაწაძე; შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - ეკატერინე ზღულაძე; გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე - დავით იოსელიანი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე - აბესალომ კეკელია; ფინანსთა მინისტრის მოადგილე - რუსუდან კემულარია; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე - დავით ლომიძე; ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე გიორგი ყაველაშვილი; სოფლის მეურნეობის
მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე ცინცაძე;
მთავრობის ახალი ინიციატივა შემოსავლების სამსახურის უფროსმა ჯაბა ებანოიძემ პრემიერ-მინისტრთან ერთად ბიზნესასოციაციის წევრებს, 13 აპრილს უკვე გააცნო.
შემოსავლების სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ ბიზნესსაწარმოო დანაკარგების თემა აწებდა და პრობლემის მოგვარება სახელმწიფოს ერთ-ერთი პრეროგატივა იყო.
"საწარმოო დანაკარგები ყველაზე პრობლემატური თემაა ჩვენი მეწარმეებისათვის. საწარმოო დანაკარგის პირობებში 100 %-ით ივლებოდა, რომ მეწარმემ მისი რეალიზაცია მოახდინა და შესაბამისად მეწარმეც შესაბამის გადასახადს იხდიდა. ჩვენ შევქმენით სპეციალური კომპასია, სფეროების მიხედვით, რომელიც საწარმოო დანაკარგის მოცულობას ადგენს და ამ დადგენილი ზღვის ფარგლებში ხდება წონის ჩამოწერა ააღრიცხვისას", - აღნიშნა შემოსავლების სამსახურის უფროსმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, დღემდე კომპანიას თუ რაიმე დანაკარგი გააჩნდა ბუღალტრული აღრიცხვისას კომპანიას მაინც ერიცხებოდა.
"ეს იყო ძალიან ფართო სპექტრის პრობლემა და აწუხებდა როგორც მსხვილ, ასევე წვრილ კომპანიებსაც. ჩვენ ვამბობთ, რომ ტექნიკური დანაკარგების კომისიას შევქმნით და სწორედ ეს კომისია განსაზღვრავს ამა თუ იმ სექტორში რა ტექნიკური დანაკარგი შეიძლება იყოს. კომპანიებს შეეძლებათ მიმართონ კომისიას, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ და მათ დაუდგინდეს ტექნიკური დანაკარგი და მომავალში როდესაც კომპანია საგადასახადოს მხრიდან შემოწმდება ეს ტექნიკური დანახარჯებიც იქნება გათვალისწინებული", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.