მიმდინარე წლის 9 სექტემბრიდან 5 ნოემბრამდე პერიოდში, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამმუშავებელმა 15 საწარმომ 22,500 ტონამდე არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა. შედეგად, ფერმერებმა 6.5 მლნ ლარამდე შემოსავალი მიიღეს, სახელმწიფო სუბსიდია დაახლოებით 2.5 მლნ ლარს შეადგენს.
არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას იღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2025 წლის 15 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 27 თეთრად შეისყიდიან; სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ ხილის გადამმუშავებელი საწარმოები შიდა ქართლის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონში.
არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების უზრუნველსაყოფად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ფუნქციონირებს საკოორდინაციო შტაბი.