"საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება" სახიფათოს უწოდებს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის მანდატის გაფართოებას.
ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი, დანიშნა.
"მიღებული გადაწყვეტილება, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად, საგარეო საქმეთა მინისტრის მოქმედი პირველი მოადგილის დანიშვნის და მისი მანდატის გაფართოების შესახებ საკმაოდ სახიფათო ტენდენციის მაჩვენებელია.
აქამდე რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს მხრიდან სპეციალური წარმომადგენელი არასდროს ყოფილა საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი დიპლომატი. ამასთანავე, სპეციალური წარმომადგენლის მანდატი ყოველთვის შემოიფარგლებოდა ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული საკითხებით, ხოლო შეხვედრები არაფორმალურ ხასიათს ატარებდა. შესაბამისად, საგარეო საქმეთა მინისტრის მოქმედი პირველი მოადგილისთვის ამ სტატუსის მინიჭება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ერთგვარ ფორმად ან ამისთვის საფუძვლის მომზადებად შეიძლება ჩაითვალოს. რაც წინააღმდეგობაში მოდის დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პრინციპულ მიდგომასთან.
განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ზემოხსენებული გადაწყვეტილებით პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის მანდატს დაემატა “რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება“, რაც ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატისთვის პირდაპირი ალტერნატივის შექმნას ნიშნავს. ქართული დიპლომატიის მიზანს ყოველთვის წარმოდგენდა საქართველო-რუსეთის კონფლიქტი გამხდარიყო საერთაშორისო ფორმატში განხილვის საგანი და ამ მოლაპარაკებებში საქართველო რუსეთის პირისპირ მარტო არ დარჩენილიყო. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჟენევის საერთაშისო მოლაპარაკებების ფორმატი, რომელიც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშიდობიანი გზით მოგვარების და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა, სადაც ევროკავშირი, გაერო და ეუთო მედიატორის სტატუსით არიან წარმოდგენილნი, ხოლო აშშ-ს მონაწილეობს.
მიღებული გადაწყვეტილება, წინააღმდეგობაში მოდის როგორც დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პრინციპულ მიდგომასთან, ასევე საფრთხის ქვეშ აყენებს ჟენევის ფორმატს და აზიანებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივას", - ნათქვამია "დიპლომატთა საზოგადოების" განცხადებაში.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის პოზიცია 2012 წლიდან შემოიღეს. ამ თანამდებობას 2012 წლიდან 2024 წლამდე ზურაბ აბაშიძე იკავებდა. შემდეგ ის გიორგი ქაჯაიამ შეცვალა, რომელამც პოსტი 2025 წლის 1 დეკემბერს დატოვა.
ამ დრომდე, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს მხრიდან სპეციალური წარმომადგენელი არასდროს ყოფილა საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი დიპლომატი.
"საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება" აერთიანებს სხვადასხვა თაობის კარიერულ დიპლომატებს.