რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქ ნოვოშახტინსკში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ერთი კვირის განმავლობაში მეორედ გახდა დრონებით თავდასხმის სამიზნე, რის შემდეგაც ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.
ინფორმაციას უკრაინული მედია Telegram-არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადგილობრივი მცხოვრებლები ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის კერას აფიქსირებენ. მანამდე ქალაქში აფეთქებების სერია ისმოდა.
„დრონები ნოვოშახტინსკს დაესხნენ თავს! ვითარება რთულია, ხანძარი გაჩნდა“, - იუწყებიან ადგილობრივი მედია საშუალებები.
ამასთან, რუსული Telegram-არხები იუწყებიან, რომ თავდასხმა განხორციელდა სამარის ხაზოვან საწარმოო-სადისპეტჩერო სადგურზეც. ამ ინფორმაციის დამოუკიდებელი დადასტურება ამ დროისთვის არ გავრცელებულა.
ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ექსპლუატაციაში 2009 წელს შევიდა. მისი საპროექტო სიმძლავრე წელიწადში 5.6–7.5 მილიონი ტონა ნავთობია. ქარხანა რუსეთის სამხრეთში ნავთობპროდუქტების ერთ-ერთ უმსხვილეს მიმწოდებლად ითვლება.