უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ურთიერთობას „უცნაური“ უწოდა და ტრამპის მიერ პუტინისთვის მეგობრის წოდება მეორე მსოფლიო ომის დროს ადოლფ ჰიტლერთან მეგობრობას შეადარა.
ამის შესახებ ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა. იუწყება Reuters
ჟურნალისტის კითხვაზე, რას გრძნობს, როდესაც დონალდ ტრამპი ვლადიმირ პუტინს მეგობარს უწოდებს, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მსგავსი დამოკიდებულება მისთვის გაუგებარია.
„ეს იგივეა, ვინმეს მეორე მსოფლიო ომის დროს ადოლფ ჰიტლერზე ეთქვას, რომ ის კარგი მეგობარია. არა, ის მეგობარი არ არის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, პუტინი აგრესორი და მკვლელია, ამიტომ მას მეგობრად ვერ მიიჩნევს.
ზელენსკის განცხადება დონალდ ტრამპისა და ვლადიმორ პუტინის ურთიერთობას ეხება. ტრამპმა პუტინს „მეგობარი“ უწოდა და მასთან ურთიერთობა დადებითად შეაფასა, რასაც უკრაინის პრეზიდენტის კრიტიკული შეფასება მოჰყვა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს და ამ პირობებში პუტინთან მეგობრულ ურთიერთობაზე საუბარი მიუღებელია.