თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი გამოეხმაურა ბათუმში "ბეიშიქთაშისა" და "ჰაპოელ ბეერ-შევას" მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს.
მისი თქმით, მომხდარი ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დონეს არ შეეფერება.
„როდესაც ეს სამწუხარო და მიუღებელი მოვლენები ვითარდებოდა, თვითმფრინავში ვიმყოფებოდი. გუშინ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა დავასრულეთ. თავდაცვის მინისტრთან და გენერალური შტაბის უფროსთან ერთად თვითმფრინავში ჩავსხედით და პაკისტანში მოვემგზავრებოდით. სწორედ ამ დროს მოხდა მატჩზე ეს ინციდენტები. ამის შემდეგ დაუყოვნებლივ დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. ჩვენს ელჩთან და გენერალურ კონსულთანაც უშუალო კავშირი გვქონდა, ისინი ადგილზე იმყოფებოდნენ“, - განაცხადა მან.
მისივე თქმით, თურქეთის მთავარი მიზანი იყო ყველა დაკავებულის გათავისუფლება. მისი თქმით, ამ საკითხზე საქართველოს ელჩი ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც დაიბარეს.
ჰაქან ფიდანმა აღნიშნა, ბათუმში განვითარებული მოვლენები „მიუღებელი“ იყო.
„ჩვენთვის ეს უკიდურესად მიუღებელი ვითარებაა. ეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დონეს არ შეეფერება. ჩვენ ვერ შევეგუებით იმას, რომ ჩვენს გულშემატკივრებს ასე მოექცნენ. ვფიქრობ, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი გზავნილები გაიგეს“, - აღნიშნა ფიდანმა.