რუმინეთი ნატო-ს მოუწოდებს, რუსეთის მხრიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ერთობლივი ზომები შეიმუშაოს. ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დან ნეკულესკუმ განაცხადა. ინფორმაციას dpa ავრცელებს.
ნეკულესკუს განმარტებით, ჰიბრიდული თავდასხმები შეიძლება მოიცავდეს სამხედრო, ეკონომიკურ, სადაზვერვო და პროპაგანდისტულ ოპერაციებს, რომელთა უკან მდგომი სახელმწიფოებიც ხშირად საკუთარ მონაწილეობას მალავენ. ამასთან, ასეთ თავდასხმებს მიეკუთვნება კიბერშეტევები და დეზინფორმაციული კამპანიები, რომელთა მიზანი საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენაა.
მინისტრის თქმით, ამ დრომდე მსგავსი შემთხვევების წინააღმდეგ ბრძოლა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების შიდა საქმედ მიიჩნეოდა.
„ჩვენ გვჭირდება სულ მცირე სიტუაციის ერთობლივი შეფასება და სისტემატურად უნდა ვეძებოთ კავშირები. ერთი და იგივე აქტორები დგანან გერმანიაში, ესტონეთსა და რუმინეთში განხორციელებული თავდასხმების უკან?“ - განაცხადა ნეკულესკუმ.
მისი თქმით, ზოგიერთი მოკავშირე მხარს უჭერს მიდგომას, რომლის მიხედვითაც თავდაცვა ნატო-ს ოპერატიულ ამოცანად უნდა იქცეს. თუმცა, სხვა მოკავშირეები ამ ინიციატივას ეწინააღმდეგებიან, რადგან მიიჩნევენ, რომ ამან შესაძლოა რუსეთთან კონფლიქტის ესკალაციის რისკი გაზარდოს.
მინისტრმა რუსეთი შავ ზღვაზე ექსკლუზიური კონტროლის დამყარებისკენ სწრაფვაში დაადანაშაულა.
„რუსეთს სურს, რომ იქ სხვა არავინ იმყოფებოდეს. თუმცა ჩვენ იქ ვართ - რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი, უკრაინა და სხვა ქვეყნები. ჩვენ გვაქვს როგორც თავდაცვის, ისე მშვიდობის უფლება“, - განაცხადა მან.
ნეკულესკუს თქმით, შავი ზღვა ევროპის უსაფრთხოების სუსტ წერტილად იქცევა.
„ევროპის არცერთ სხვა რეგიონში არ ვაწყდებით იმდენ ინციდენტს, რომლებსაც რუსეთს ვუკავშირებთ: დრონებით თავდასხმებს, საზღვაო ნაღმებსა და სავაჭრო გემებზე თავდასხმებს“, - აღნიშნა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.