ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ორმეთში, სუფსის დამშრობ მასივზე, შპს "საქართველოს მელიორაციამ" საექსპლუატაციო სამუშაოები ჩაატარა, რის შედეგადაც 10 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სადრენაჟო პირობები გაუმჯობესდა.
სამუშაოების ფარგლებში ნატანი მასისა და მცენარეული საფარისგან 1 500 მეტრი სიგრძის შემკრები არხი გაიწმინდა. შედეგად, აღდგა არხის გამტარუნარიანობა და სუფსის დამშრობი მასივის ტერიტორიაზე ჭარბი წყლის შეუფერხებელი გადინება, რამაც შეამცირა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დატბორვისა და დაჭაობების რისკი.
დამშრობი სისტემების გამართული ფუნქციონირება ხელს უწყობს ნიადაგში ჭარბი ტენის დაგროვების თავიდან აცილებას, სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიან გამოყენებასა და მოსავლის წარმოებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.
სამუშაოები შპს "საქართველოს მელიორაციამ" გეგმით გათვალისწინებული საექსპლუატაციო ღონისძიებების ფარგლებში განახორციელა.