უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში მდებარე ქერჩის ხიდი უკრაინისთვის სრულიად ლეგიტიმური სამიზნეა, რადგან უკრაინა რუსეთის აგრესიას პასუხობს. მისი თქმით, ხიდი საბოლოოდ მაინც ვერ გაძლებს.
ამის შესახებ ზელენსკიმ NBC News-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ზელენსკიმ ასე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რატომ მიიტანა უკრაინამ იერიში ყირიმის ხიდზე, რატომ შეარჩია ამისთვის სწორედ ეს დრო და როგორი იქნება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პასუხი.
„ჩვენი პრინციპი ძალიან მარტივია: ჩვენ საპასუხო მოქმედებებს ვახორციელებთ. თუ ისინი ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას უტევენ, რაც არაერთხელ მომხდარა, ჩვენ საპასუხო დარტყმის შესაძლებლობებს ვეძებთ. რუსეთმა უნდა იგრძნოს, რას ნიშნავს ომი.
ისინი წლების განმავლობაში თავს გვესხმოდნენ, ანადგურებდნენ ხიდებს, რკინიგზის ხაზებს და სხვა ობიექტებს, რაც ბევრს უკვე დავიწყებული აქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ პასუხი უნდა გაგვეცა, მათ შორის ყირიმის ხიდზე დარტყმით.
ეს ჩვენთვის სრულიად ლეგიტიმური სამიზნეა, რადგან მათ ჩვენი ყირიმი აქვთ ოკუპირებული. მათ ეს ხიდი ააშენეს და განაცხადეს, რომ ის რუსეთის ნაწილია.
პუტინმა უნდა გაიგოს: ეს ხიდი ვერ გაძლებს. იქნება ეს ახლა, ომის დროს, თუ მოგვიანებით, ომის დასრულების შემდეგ - ჩვენ, ნებისმიერ შემთხვევაში, დიპლომატიური თუ სამხედრო გზით, არ შევეგუებით იმას, რომ ჩვენი ტერიტორიები პუტინსა და რუსებს აქვთ ოკუპირებული.
ასევე, არ შევეგუებით ჩვენი უკრაინული მიწის ამგვარ მილიტარიზაციას. პუტინი ამ ხიდს იმისთვის იყენებს, რომ რაც შეიძლება მეტი იარაღი გადაიტანოს. სწორედ ასეთი იქნება ჩვენი პასუხიც“, - განაცხადა ზელენსკიმ.
16 ნოემბეის ოკუპირებული ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე იერიში განხორციელდა, რის გამოც ხიდზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდა.
17 ნოემბერს ასევე ცნობილი გახდა, რომ განმეორებითი იერიშის შედეგად ყირიმის ხიდის ერთ-ერთი თაღი და საავტომობილო გზის მონაკვეთი ჩაინგრა. შეწყდა ხიდზე როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო მოძრაობა.