აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინისა და ევროპის ოფიციალურ პირებს განუცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა 2027 წლის იანვრის დასაწყისამდე სურს. ამის შესახებ Financial Times წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ვაშინგტონი შეთანხმების მიღწევას აშშ-ის კონგრესში დემოკრატების მიერ კონტროლის მოპოვებამდე ცდილობს. ნოემბრის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელებმა კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობა დაკარგეს, დემოკრატები კი უკრაინის მხარდაჭერის გაზრდასა და რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი ზეწოლის განხორციელებას გეგმავენ.
FT-ის წყაროების ცნობით, ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენლებმა სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა, ბოლო დღეებში რუსეთის, უკრაინისა და ევროპის წარმომადგენლებთან შეხვედრებისას ვაშინგტონის სურვილი და მოლაპარაკებების დაჩქარების აუცილებლობა გააჟღერეს. შეხვედრები მოსკოვში, დუბლინსა და ბერლინში გაიმართა.
„ამერიკელები ძალიან ჩქარობენ და არსებობს შეშფოთება, რომ შეთანხმებამდე მისასვლელად უკრაინას მნიშვნელოვანი დათმობების გაკეთება მოუწევს“, - განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა, რომელიც უიტკოფსა და კუშნერს შეხვდა.
გამოცემის თანახმად, კიევში შიშობენ, რომ ვაშინგტონის მიერ დაწესებულმა მოკლე ვადამ შესაძლოა უკრაინა მოსკოვისთვის ხელსაყრელ პირობებზე დათანხმებისკენ უბიძგოს.
ამასთან, FT წერს, რომ აშშ-ს უკრაინისგან რუსეთის სასარგებლოდ კონკრეტული დათმობები ოფიციალურად არ მოუთხოვია. თუმცა უკრაინელი ოფიციალური პირები ამერიკის მხრიდან სამხედრო საკომუნიკაციო სისტემის Starshield-ის გამოყენებაზე დაწესებულ შეზღუდვებსა და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის გადამჭერი რაკეტების მიწოდების შეფერხებას უკრაინის მოლაპარაკებების პოზიციის შესუსტების მცდელობად აღიქვამენ.
გამოცემის ინფორმაციით, რუსეთი მოლაპარაკებებში კვლავ ტერიტორიულ და უსაფრთხოების საკითხებზე საკუთარ მოთხოვნებს აყენებს. მოსკოვი დონბასის ტერიტორიების დათმობას, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების სამუდამოდ გამორიცხვასა და უკრაინის შეიარაღებული ძალების შეზღუდვას მოითხოვს. რუსეთი ასევე ითხოვს, რომ ნატო-მ აღმოსავლეთ ფლანგზე გარკვეული სამხედრო ძალები და შეიარაღება გაიყვანოს.
ვაშინგტონი კი ტერიტორიულ დავებსა და ევროპის უსაფრთხოების უფრო ფართო საკითხებს ერთდროულად განიხილავს.
ამავე დროს, ევროპული ქვეყნები სამშვიდობო მოლაპარაკებებში ოფიციალურ მონაწილეობასა და ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ, როგორც შეთანხმების მიღწევის პირველ ნაბიჯს.
FT-ის ცნობით, რუსეთს სწრაფი შეთანხმების მიღწევის მოტივაცია შესაძლოა არ ჰქონდეს. კრემლთან დაახლოებული წყაროების შეფასებით, მოსკოვი მოლაპარაკებების პარალელურად სამხედრო ზეწოლის გაძლიერებას ცდილობს.