აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ჩინეთში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მისი საუბარი წარმატებული იყო და შესაძლოა, უკრაინაში მშვიდობის მიღწევას შეუწყოს ხელი. ამის შესახებ Bloomberg ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, ტრამპი ბერლინში 30-ზე მეტი მსოფლიო ლიდერის მონაწილეობით გამართულ "მსურველთა კოალიციის" შეხვედრას" ტელეფონით, Air Force One-ის ბორტიდან ჩაერთო. ეს ჩინეთში ვიზიტის დასრულების შემდეგ მოხდა. მანამდე, იმავე დღეს, აშშ-ის პრეზიდენტი აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ლიდერთა სამიტის ფარგლებში პუტინს შეხვდა. ასევე გაიმართა სამმხრივი შეხვედრა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინის მონაწილეობით.
ევროპელი ლიდერების შეხვედრა ე.წ. „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში გაიმართა. კოალიცია ომის დასრულების შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე მსჯელობს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ის წარმომადგენლები ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი, რომლებიც სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების პროცესზე მუშაობენ.
Bloomberg-ის წყაროების ცნობით, ტრამპმა შეხვედრის მონაწილეებს განუცხადა, რომ პუტინს, ომის დასრულება სურს. ამასთან, ევროპის ქვეყნები კვლავ სკეპტიკურად არიან განწყობილი კრემლის რეალური განზრახვების მიმართ და შიშობენ, რომ ვაშინგტონმა შესაძლოა უკრაინისთვის მიუღებელ დათმობებზე თანხმობა განაცხადოს.
ჩინეთში პუტინთან პირისპირ საუბრის შემდეგ ტრამპმა ასევე ფრთხილი ოპტიმიზმი გამოხატა ომის დასრულების პერსპექტივასთან დაკავშირებით.
„ვფიქრობ, გარკვეული წინსვლა შეინიშნება. ვფიქრობ და იმედი მაქვს, მეორე მხარესაც სურს ამ ომის დასრულება“, - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ევროპელ ლიდერებს.