ბერლინში უკრაინის მხარდამჭერი „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას 40-ზე მეტი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ევროპელი ლიდერები და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი.
ამის შესახებ The Guardian იუწყება.
შეხვედრა გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის მასპინძლობით იმართება და მისი მთავარი მიზანი უკრაინის მხარდაჭერისა და ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების კოორდინაციაა.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, კიევის მთავარი პრიორიტეტებია საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, ენერგეტიკული და ფინანსური მხარდაჭერა, დიპლომატიური პროცესის გაგრძელება და ომის დასრულებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრა.
ზელენსკის თქმით, უკრაინა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროპა მოლაპარაკებების პროცესში სრულფასოვნად იყოს ჩართული და შეხვედრებმა შედეგი გამოიღოს.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებია, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მრავალეროვნული სამხედრო ძალების შესაძლო განთავსება უკრაინაში. მონაწილეები ასევე განიხილავენ დასავლეთის ქვეყნების სამხედრო მხარდაჭერას და უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას.
ბერლინში მყოფმა აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა განაცხადეს, რომ მათი მიზანია უკრაინასა და ევროპელ პარტნიორებთან ხანგრძლივი მშვიდობის ძირითადი პირობების შესახებ საერთო პოზიციის შემუშავება და მრავალმხრივი მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის დღის წესრიგისა და ფორმატის მომზადება.