რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინას ყირიმის ხიდზე განხორციელებული დარტყმებისთვის საპასუხო ზომებით დაემუქრა. მისი თქმით, რუსეთის პასუხი უკრაინის მიერ ხიდზე მიყენებულ ზარალზე გაცილებით მტკივნეული იქნება. პუტინის მტკიცებით, რუსეთმა ხიდის სარკინიგზო ნაწილი უკვე აღადგინა.
„ყირიმის ხიდზე დარტყმების შემდეგ მოლაპარაკებებს აღარ ვაპირებთ. ამ დარტყმებს პასუხს გავცემთ. (...) მიმაჩნია, რომ ჩვენი საპასუხო მოქმედებები გაცილებით მტკივნეული იქნება, ვიდრე ის, რაც კიევის რეჟიმმა ხიდის წინააღმდეგ განახორციელა“, - განაცხადა პუტინმა.
პუტინის თქმით, რუსეთი ხიდს აღადგენს. მან მას „ექსკლუზიურად მშვიდობიანი დანიშნულების ობიექტი“ უწოდა და განაცხადა, რომ რუსეთი ხიდით სამხედრო ტექნიკას არ გადაადგილებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ყირიმის ხიდი ერთ-ერთი მთავარი მარშრუტი იყო, რომლითაც რუსეთს ოკუპირებულ ყირიმში და უკრაინის სამხრეთის მიმართულებით საწვავი, საბრძოლო მასალა, სამხედრო ტექნიკა და პირადი შემადგენლობა გადაჰყავდა.
17 ნოემბრის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა ყირიმის ხიდზე განმეორებითი იერიში მიიტანეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ზღვაში ხიდის ერთ-ერთი ლითონის თაღი და მის ქვეშ არსებული საავტომობილო მონაკვეთი ჩაინგრა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ხიდის სარკინიგზო ნაწილსაც დაარტყეს.
თავდასხმის შემდეგ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ ხიდზე საავტომობილო და სარკინიგზო მოძრაობის დროებით შეჩერების შესახებ განაცხადა.
19 ნოემბრის ღამეს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ხიდზე კიდევ ერთი იერიში მიიტანეს, ამჯერად რაკეტებით „ნეპტუნი“. უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, დარტყმის შედეგად სარკინიგზო ლიანდაგი დაზიანდა, რის გამოც ხიდზე მოძრაობა კვლავ შეიზღუდა.