უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამჟამად არსებობს „შესაძლებლობების ფანჯარა“, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში შედეგის მიღწევა 2027 წლამდე მოხერხდეს.
ამის შესახებ ზელენსკიმ ირლანდიაში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„ევროპაში პოლიტიკური ლანდშაფტის ცვლილებები შესაძლოა 2027 წელს მოხდეს. ჩვენ გვესმის, კონკრეტულად რა ცვლილებებზეა საუბარი. ანალოგიურად, ვხედავთ, რომ ცვლილებები უკვე მიმდინარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებშიც.
ამიტომ, დღეს ნამდვილად არსებობს ეს შესაძლებლობა, ეს „შესაძლებლობების ფანჯარა“, როდესაც ყველა ის მონაწილე, რომელიც ამჟამად მოლაპარაკებების პროცესშია ჩართული, მართლაც დაინტერესებულია, შედეგს 2027 წლამდე მიაღწიოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, მოლაპარაკებებზე ასევე განიხილეს ცეცხლის შეწყვეტის საკითხები, მათ შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ზღვაზე და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტა. თუმცა, რუსეთის მხარე აცხადებს, რომ ამ საკითხებზე პასუხის გასაცემად შესაბამისი უფლებამოსილება არ აქვს.
„მიუხედავად ამისა, შევთანხმდით, რომ ამერიკული მხარე რუსეთის ლიდერს შეხვდება და ყველა ეს საკითხი იქ იქნება განხილული“, - აღნიშნა ზელენსკიმ.