რუსეთის ელჩი აშშ-ში ალექსანდრ დარჩიევი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ალექსანდრ დარჩიევი 11 ნოემბერს მოულოდნელად გარდაიცვალა.
„ჩვენი რიგებიდან წავიდა გამორჩეული დიპლომატი, გამოცდილი ხელმძღვანელი, კეთილი მეგობარი და მენტორი. მაღალი კლასის პროფესიონალი, ბრწყინვალე ამერიკათმცოდნე ა.ნ. დარჩიევი რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე საპასუხისმგებლო მიმართულებაზე მუშაობდა“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გარდაცვალების მიზეზი არ დაუკონკრეტებია.
რუსეთმა დარჩიევი აშშ-ში ელჩად 2025 წლის მარტში ოფიციალურად დანიშნა. იმავე წლის ივნისში მან რწმუნებათა სიგელები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადასცა.