ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების გაფართოებას მხარი დაუჭირეს – სიაში 145 ფიზიკური და იურიდიული პირი მოხვდება
ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა 11 ნოემბერს, მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის სხდომაზე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიებში 145 ფიზიკური და იურიდიული პირის შეყვანას წინასწარი თანხმობა მისცეს. ისინი დაკავშირებული არიან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან, ასევე კიბერშეტევებსა და ჰიბრიდულ საქმიანობასთან.
ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ახალი სანქციების სია საბოლოოდ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ უნდა დაამტკიცოს. სხდომა ბრიუსელში, ორშაბათს, 16 ნოემბერს გაიმართება.
„უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისთვის სანქციების სიაში 12 ფიზიკური და 101 იურიდიული პირი შევა. ამ ასეულში 50 რუსული ბანკია“, - განუცხადა წყარომ მედიას.
სანქციები ასევე დაუწესდება რამდენიმე კომპანიას, რომლებიც რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის საქმიანობას უწყობენ ხელს.
გარდა ამისა, რუსეთის ჰიბრიდული საქმიანობის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების რეჟიმის ფარგლებში სიაში 30 ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი მოხვდება, ხოლო ევროკავშირის კიბერშეტევების წინააღმდეგ მოქმედი სანქციების რეჟიმის ფარგლებში - კიდევ ერთი იურიდიული პირი.