სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას ხელი მოაწერა. ფაშინიანის განმარტებით, ეს კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურაა და ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომაზე მოქმედი მთავრობა პრეზიდენტს გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართავს.
მისი თქმით, ახალი მთავრობის ფორმირებამდე მინისტრთა კაბინეტი უფლებამოსილებას შეინარჩუნებს და მუშაობას გააგრძელებს.
„ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ამ პირობებში, ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე, მთავრობის წევრები აგრძელებენ საკუთარი მოვალეობების შესრულებას.
შემდეგ კი, კონსტიტუციის 149-ე მუხლის შესაბამისად, ახლადარჩეული ეროვნული კრების უფლებამოსილების დაწყების შემდეგ, რესპუბლიკის პრეზიდენტი დაუყოვნებლივ ნიშნავს პრემიერ-მინისტრს იმ კანდიდატურის საფუძველზე, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობა წარადგენს.
დღეს საპარლამენტო უმრავლესობა რესპუბლიკის პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურას წარუდგენს და დანიშვნა კონსტიტუციის 149-ე მუხლის შესაბამისად განხორციელდება“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანიმა.
სომხეთის კონსტიტუციის თანახმად, ახალი პარლამენტის უფლებამოსილების დაწყების შემდეგ პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრად დაუყოვნებლივ ნიშნავს პარლამენტის უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანდიდატს.