რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ არ სურს იფიქროს იმაზე, თითქოს ალასკაზე, ვლადიმირ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის სამიტი მიზნად ისახავდა კიევის ხელახალი შეიარაღებისთვის დროის მოგებას.
„არ მინდა არც კი ვიფიქრო, რომ ალასკა, ისევე როგორც ევროპული ქმედებები, იმ მიზნით იყო დაგეგმილი, რომ კიევის რეჟიმის ხელახალი შეიარაღებისთვის დრო მოეგოთ. არ მინდა ამაზე ფიქრი, მაგრამ რეალურად ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც გამოვიდა“, - აღნიშნა მან.
ამასთან, ლავროვის თქმით, რუსეთი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებები ნებისმიერ დროს განაახლოს იმ ეტაპიდან, სადაც ისინი შეწყდა.
მისივე განცხადებით, ვაშინგტონი თითქოს შორდება კონფლიქტში „ობიექტური შუამავლის“ როლს და აგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკას.
„რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, მათი ქმედებების შეფასებით, ისინი თითქოს შორდებიან კონფლიქტის ობიექტური შუამავლის როლს და აგრძელებენ რუსეთის მიმართ სანქციების ზეწოლის გაძლიერების პოლიტიკას“, - განაცხადა მან.
ამავდროულად, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მოლაპარაკებების დაჟინებით მოთხოვნის მიუხედავად, თითქოს „რუსეთს მიუღებელ და არარეალისტურ პირობებს უყენებს“.
„ბატონი ზელენსკი, რომელიც მოლაპარაკებებს ითხოვს, აყენებს აბსოლუტურად არარეალისტურ და, შეიძლება ითქვას, უხეშ პირობებს მოსკოვის წინაშე და არა მხოლოდ მოსკოვის, არამედ საკუთარი ევროპელი კურატორების წინაშეც. მან პირდაპირ თქვა, რომ ევროპამ უნდა იფიქროს მოლაპარაკებების ფორმატზე და რამდენიმე ვარიანტი შესთავაზოს. მაგრამ კიევი თავად გადაწყვეტს, ვინ იქნება ევროპის მხრიდან მოლაპარაკებების წარმომადგენელი. კომენტარები ზედმეტია“, - განაცხადა ლავროვმა.
მისივე თქმით, დასავლეთის მიმართ, როგორც „სამართლიანი შუამავლის“ იმედები, მისი შეფასებით, „ჩაიფუშა და მათი სერიოზულად აღქმის საჭიროება აღარ არსებობს“.