8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ჩოხოსანთა კავშირი „ჩოხოსნები – 1973“ ტრადიციულად აღნიშნავს დიდი მეფის ხსენების დღეს და მისი დაბადებიდან 953-ე წლისთავს. ეს არის უწყვეტი ტრადიცია, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტია ეროვნული თვითშეგნების განმტკიცებისა და საბჭოთა წარსულის უარყოფითი რეალიებისადმი პროტესტის სიმბოლოდ იქცა.
ისტორიული კონტექსტი:
1973 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის საღამოს ფაკულტეტის სტუდენტები დავით აღმაშენებლის დაბადებიდან 900 წლისთავის თავისებურად აღნიშვნას ცდილობდნენ. დეკანატმა სტუდენტებს დიდი მეფისადმი მიძღვნილი კედლის გაზეთის გაფორმების უფლებაც კი არ მისცა, რადგან მსგავსი ქმედება საბჭოთა იდეოლოგიის ჩარჩოებში არ ჯდებოდა (არარუსი მეფეები არ იყვნენ პატივში). პროტესტის ნიშნად დაიბადა იდეა – ყოველ 8 თებერვალს ჩოხებში გამოწყობილ მეგობრებს ერთად ეზეიმათ დავით აღმაშენებლის დღე.
კავშირი 1973 წელს, საბჭოთა რეჟიმის პირობებში, ოთხმა სტუდენტმა დააფუძნა: ჰენრი კუპრაშვილმა (თსუ), გიორგი ცხოვრებაძემ (სამხატვრო აკადემია), ზურაბ გველესიანმა (სპი) და თამაზ შეროზიამ (სპი). მათ მაშინ გაბედეს და დავით აღმაშენებლის დაბადების 900 წლისთავს დემონსტრაციულად ჩოხებში გამოწყობილნი შეხვდნენ, რაც იმ დროისთვის საბჭოთა იდეოლოგიისადმი აშკარა და გაბედული გამოწვევა იყო.

საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების ორგანოების თვალისასახვევად კავშირი გარეგნულად გამოიყურებოდა, როგორც დიდი მეფის ზეობის თარიღის (8 თებერვალი) მოზეიმე ჩოხოსანთა სამეგობრო. კავშირის წევრები ემოციებისა და ხმაურის გარეშე კონსპირაციულად აკეთებდნენ ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისთვის საჭირო საქმეს (აქცენტები კეთდებოდა ოფიციოზის მიერ საქართველოს ისტორიის მიჩუმათებულ პერიოდების გაშუქებაზე, ქართული ეროვნული ტრადიციების შენარჩუნებაზე, ენაში მომძლავრებულ რუსიციზმებზე, არალეგალური პოლიტიკური ლიტერატურის გავრცელებაზე და სხვა).
დღევანდელი დღე: დღეს, 53 წლის შემდეგ, დამფუძნებელი ოთხეულიდან ორნი – ჰენრი კუპრაშვილი და ზურაბ გველესიანი – კვლავ მწობრშია. სამწუხაროდ, გიორგი ცხოვრებაძე და თამაზ შეროზია უკვე გარდაცვლილნი არიან. 80 წელს მიტანებული მეგობრები ერთგულად აგრძელებენ გზას: დილით დაესწრნენ პარაკლისს დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში, რის შემდეგაც ყვავილებით შეამკეს დიდი მეფის ძეგლი.
წლევანდელი შეკრება განსაკუთრებით ემოციურია. მას შემდეგ, რაც ერთი წლის წინ გარდაიცვალა კავშირის თანადამფუძნებელი თამაზ შეროზია, მისი და – ცნობილი ექიმი მანანა შეროზია – ძმის დაწყებულ საქმეს გააგრძელებს. რათა 1973 წელს აღმართული ეროვნული ალამს ძმის მაგივრად შეეხიდა, მანანა შეროზია ჩოხით შეიმოსა და სიმბოლურად „ჩოხოსნები – 1973“-ის წევრად იკურთხა.
ჰენრი კუპრაშვილის კომენტარი:
„ეს არ არის მხოლოდ შეხვედრა, ეს არის დასტური იმისა, რომ ქართული სული და ტრადიცია გაუტეხელია. ჩვენი მეგობრების, გიორგი ცხოვრებაძისა და თამაზ შეროზიას ხსოვნა და დავით აღმაშენებლის სახელი გვაძლევს ძალას, რომ 53 წლის შემდეგაც ისევ ამაყად ვატაროთ ქართული ჩოხა. ჩვენი მიზანია, ევროპულ დიდ ოჯახში ჩვენი ეროვნული იდენტობა მუდამ მკაფიოდ იგრძნობოდეს.“
ღონისძიებას ტრადიციისამებრ ესწრებოდნენ ჩოხოსანთა ოჯახის წევრები, შვილები და მეუღლეები, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ მოძრაობის უწყვეტობასა და ქვეყნისადმი ერთგულებას.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: ვიკიპედიის გვერდს
https://ka.wikipedia.org/wiki/ჩოხოსნები_-_1973