ჰენეპინის საოლქო პროკურატურამ და მინესოტის სისხლის სამართლის გამოძიების ბიურომ (BCA) ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს, რათა თავიდან აიცილონ იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურში (ICE) 37 წლის ალექს პრეტის მკვლელობის საქმეში მტკიცებულებების გაყალბება და განადგურება. ამის შესახებ ნათქვამია ჰენეპინის საოლქო პროკურატიურის პრესრელიზში. იუწყება CNN
სარჩელში ნათქვამია, რომ ბრალდებულებმა და მათი მითითებების შესაბამისად მოქმედმა პირებმა „სროლის ადგილიდან მტკიცებულებები ამოიღეს“, რითაც ხელი შეუშალეს სამთავრობო უწყებებს შემთხვევის ადგილის სათანადოდ შესწავლაში.
სარჩელი, რომელსაც თან ახლდა დროებითი შემაკავებელი ორდერის შუამდგომლობა, მინესოტის შტატის აშშ-ის საოლქო სასამართლოში შეტანილ იქნა შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის (DHS), იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურებრივი აღსრულების (ICE), საბაჟო და საზღვრის დაცვის, აშშ-ის სასაზღვრო პატრულისა და აშშ-ის გენერალური პროკურორის პემ ბონდის წინააღმდეგ.
აღნიშნულია, რომ საჩივარი შტატის გენერალურ პროკურორთან თანამშრომლობით იქნა შეტანილი.
მინესოტის სისხლის სამართლის გამოძიების ბიუროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ DHS-მა ძალადობრივი დანაშაულის განყოფილებას სროლის ადგილზე შესვლის უფლება არ მისცა. მათივე თქმით, ფედერალურმა აგენტებმა ჩხრეკის ორდერიც კი უგულებელყვეს.
დაბრკოლებების მიუხედავად, ბიურომ აღნიშნა, რომ ის აგრძელებს ინციდენტის გამოძიებას.
„ჩვენს პროკურატურას აქვს იურისდიქცია, გადახედოს ამ საქმეს მასში მონაწილე ფედერალური აგენტების შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების აღმოსაჩენად და ჩვენ ამას გავაკეთებთ“, - განაცხადა ჰენეპინის საოლქო პროკურორმა მერი მორიარტიმ.
მან დასძინა, რომ სარჩელი მხოლოდ ერთ-ერთია იმ მრავალი ღონისძიებიდან, რომელსაც პროკურატურა იღებს საფუძვლიანი და გამჭვირვალე გამოძიების უზრუნველსაყოფად.
ცნობისთვის, 24 იანვარს მინეაპოლისში ფედერალურმა აგენტებმა კიდევ ერთი ადამიანი მოკლეს. აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, სასაზღვრო სამსახურის აგენტებმა კაცს, რომელიც მათ ცეცხლსასროლი იარაღით უახლოვდებოდა, თავდაცვის მიზნით გაუხსნეს ცეცხლი. მინეაპოლისის პოლიციის მეთაურის, ბრაიან ო’ჰარას თქმით, მოკლული 37 წლის კაცი აშშ-ის მოქალაქე იყო. მას იარაღი კანონიერად ჰქონდა.