ყირიმი რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებისთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც გრენლანდია აშშ-ისთვის, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„დღეს მსოფლიო ასპარეზზე გადახაზულია ყველა ის წესი, რომელიც წარსულში დასავლეთს აწყობდა და მსოფლიო წესრიგის საფუძველს წარმოადგენდა“, - თქვა მან.
ლავროვის თქმით, ამჟამად მოქმედებს პრინციპი – „ვინც ძლიერია, ის მართალია“, რაც განსაკუთრებით მკვეთრად აისახება ჩინეთის ეკონომიკური უპირატესობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ამასთან, ლავროვმა თქვა, რომ „გრენლანდია არ წარმოადგენს დანიის ბუნებრივ ნაწილს“, თუმცა ასევე დასძინა, რომ რუსეთი მიმდინარე კონფლიქტში ჩარევას არ აპირებს.
„პრინციპში, გრენლანდია დანიის ბუნებრივი ნაწილი არ არის. ის არც ნორვეგიის ბუნებრივი ნაწილი ყოფილა და არც დანიის. ეს კოლონიური დაპყრობის შედეგია. სხვა საკითხია, ადგილობრივები შეჩვეულები არიან ამას და კომფორტულად გრძნობენ თუ არა თავს“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, არც ჩინეთს და არც რუსეთს არ აქვთ გრენლანდიის დაკავების გეგმა.
„ვაშინგტონმა იცის, რომ რუსეთს ასეთი გეგმები არ გააჩნია. ნატო-მ გრენლანდიის საკითხზე შეთანხმებას ალიანსის ფარგლებში, ერთობლივად უნდა მიაღწიოს“, – თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.