ტანკერი Marinera (Bella1), რომელიც სავარაუდოდ რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილია და 7 იანვარს ატლანტის ოკეანეში აშშ-ის ფედერალური სასამართლოს ბრძანების საფუძველზე დააკავეს აშშ-ის სანქციების დარღვევისთვის, რიაზანში რეგისტრირებულ რუსულ კომპანია „ბურევესტმარინს“ ეკუთვნის. ამის შესახებ Financial Times იუწყება.
რუსული კორპორატიული დოკუმენტების თანახმად, კომპანია რიაზანში 2025 წლის ივლისში დააარსა ილია ბუგაიმ, ბიზნესმენმა და ნავთობის სავაჭრო ფირმის აღმასრულებელმა დირექტორმა.
FT-ის ცნობით, დეკემბერში 23 წლის გემი გაყიდეს და ის „რუსეთის იურისდიქციისა და ზედამხედველობის ქვეშ კანონიერად მოქმედ გემად“ არის აღრიცხული.
ტანკერი Bella 1 თავდაპირველად პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა და აშშ-ის ბლოკადის მიუხედავად, ვენესუელის სანაპიროსთან მიახლოებას ცდილობდა.
მედიის ცნობით, 2025 წლის დეკემბერში აშშ-ის სანაპირო დაცვამ მისი დაკავება სცადა, თუმცა ტანკერის ეკიპაჟმა, რომელიც რუსეთის, უკრაინისა და ინდოეთის მოქალაქეებისგან შედგებოდა, უარი თქვა მოთხოვნაზე და მოულოდნელად კურსი შეცვალა.
ეკიპაჟმა ბორტზე რუსეთის დროშა გამოსახა. რამდენიმე დღის შემდეგ, Bella 1-ს სახელი შეეცვალა და Marinera ეწოდა და რუსეთის საზღვაო გადაზიდვების რეესტრში შევიდა.
ტანკერის ჩამორთმევის ოპერაცია აშშ-ის იუსტიციის, შიდა უსაფრთხოებისა და ომის დეპარტამენტების დახმარებით განხორციელდა მას შემდეგ, რაც გემის დევნა სანაპირო დაცვის გემმა დაიწყო. ოპერაციაში, სადეესანტო დანაყოფები მონაწილეობდნენ. მათი ტანკერზე დაშვება რუსული სამხედრო გემებისა და წყალქვეშა ნავის მისვლამდე მოხდა.