აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინი მზადაა სამშვიდობო შეთანხმების დასადებად. ამის შესახებ მან The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
ტრამპის თქმით, მოლაპარაკების პროცესი ორივე მხარის პოზიციების გამო არაერთხელ შევიდა ჩიხში.
ტრამპის თქმით, იყო მომენტები, როდესაც კრემლი მზად იყო შეთანხმების მისაღწევად, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, სავარაუდოდ, უარი თქვა ამაზე, რამაც, მისი თქმით, „შოკში ჩააგდო“.
„მქონია შემთხვევები, როდესაც პუტინთან ყველაფერი დავასრულე და ზელენსკის შეთანხმების დადება არ სურდა. შემდეგ მქონია სიტუაციები, როდესაც პირიქით მოხდა“, - თქვა ტრამპმა.
ამავდროულად, ამერიკის ლიდერმა განაცხადა, რომ ახლა მას სჯერა, რომ ორივე მხარე შესაძლოა დაინტერესებული იყოს შეთანხმების მიღწევით.
„ვფიქრობ, ორივეს ახლა შეთანხმების მიღწევა სურს, მაგრამ ვნახოთ“, - დასძინა მან.
ტრამპმა ასევე უარი თქვა ომის შესაძლო დასრულების ვადების დასახელებაზე. მან განაცხადა, რომ მზად არ არის, აიღოს ვალდებულება, გაზარდოს ამერიკული დახმარება უკრაინისთვის, თუ რუსეთი გააგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის წინააღმდეგობის გაწევას.
„უბრალოდ არ მინდა ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდე, როდესაც ამის დაპირება მომიწევს, რადგან ვალდებული ვარ შევამოწმო, შემიძლია თუ არა სიცოცხლის გადარჩენა“, - განმარტა ტრამპმა.
კონკრეტულ ვადებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე, მან მოკლედ უპასუხა: „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შესაძლებელია. მე ვადები არ მაქვს“.