აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნიკოლას მადუროს დაკავების შედეგად ჩატარებული ოპერაციის ახალ დეტალებზე ისაუბრა.
ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ ვენესუელაში აშშ-ის ოპერაციის დროს რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე დაშავდა, თუმცა არავინ დაღუპულა.
აშშ-ის პრეზიდენტმა სამხედრო ოპერაცია ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ავღანეთიდან აშშ-ის გასვლას შეადარა.
„ჩვენ აღარ ვართ დაცინვის ობიექტი“, – თქვა ტრამპმა.
მან აღნიშნა, რომ ყველა საბრძოლო თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაბრუნდა ბაზებზე, თუმცა ერთი ვერტმფრენი სერიოზულად დაზიანდა, თუმცა მისი ევაკუირება მოხდა.
ტრამპმა განაცხადა, რომ ოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილება მასიური საფრთხის გამო მიიღო, რომელიც მან შეადარა „ომს, რომელიც ყოველწლიურად 300 000 სიცოცხლეს იწირავს“.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამინდის პირობების გამო ოპერაცია ოთხი დღით გადაიდო; მის განსახორციელებლად „იდეალური ამინდი“ იყო საჭირო.
ამერიკის ლიდერმა ასევე თქვა, რომ სპეცდანაყოფმა "დელტამ" ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე, სილია ფლორესი იმ დროს დააკავა, როდესაც მათ ეძინათ. ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ გამოიყენა დრონები და სადაზვერვო ინფორმაცია, ხოლო ინფორმატორებისთვის დამატებითი სტიმულის სახით შეთავაზებული 50 მილიონი დოლარი ჯილდოს სახით.
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა კოლუმბია ოპერაციის დაწყების შესახებ არ გააფრთხილა, თუმცა მან ვაშინგტონის გეგმების შესახებ მანამდეც იცოდა.
მისი თქმით, ამერიკელი სამხედროები დარწმუნებულები არიან, რომ მსოფლიოში ვერცერთი სხვა ქვეყანა ვერ შეძლებს მსგავსი ოპერაციის განხორციელებას.
პრეზიდენტმა ასევე გაამხილა თავდასხმის ახალი დეტალები. მან თქვა, რომ მადუროს სახლი აღჭურვილი იყო ფოლადის კარით და სპეციალური დაცული ოთახით. მისივე თქმით, ამერიკელ სამხედროებს თან ჰქონდათ ფოლადის კარის გასაჭრელი მოწყობილობა, თუმცა მისი გამოყენება არ დასჭირდათ.
„მან გაქცევა სცადა, მაგრამ იმდენად სწრაფად შეაბრუნეს უკან, რომ შიგნით შესვლის დროც კი არ ჰქონდა“, - თქვა ტრამპმა.
ტრამპმა დასძინა, რომ ოპერაციას პირდაპირ ეთერში უყურებდა და ის სატელევიზიო შოუს შეადარა, ამერიკელ ჯარისკაცებს შორის დანაკარგების არარსებობას კი „გასაოცარი შედეგი“ უწოდა. მისი თქმით, ის აღფრთოვანებულია ამერიკელი სამხედროების პროფესიონალიზმით. ტრამპის თქმით, ამჟამად მადურო და მისი ცოლი ამერიკის სამხედრო გემზე იმყოფებიან.
ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი აპირებს აქტიური როლი შეასრულოს ვენესუელის პოლიტიკური მომავლის ჩამოყალიბებაში ნიკოლას მადუროს რეჟიმის დამხობის შემდეგ. მან დასძინა, რომ ამჟამად მიიღება ძირითადი გადაწყვეტილებები შემდეგი ნაბიჯების შესახებ.
ტრამპმა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს არ შეუძლია დაუშვას ხელისუფლებაში ისეთი ძალების მოსვლა, რომლებიც წინა ხელმძღვანელობის პოლიტიკას გააგრძელებენ.
„ჩვენ არ შეგვიძლია გავრისკოთ და სხვას მივცეთ უფლება, გაიქცეს და უბრალოდ იქიდან გავაგრძელოთ, სადაც შევჩერდით“, - თქვა მან.
ამერიკის ლიდერმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონის მიზანია ქვეყანაში თავისუფლებისა და სტაბილურობის დამყარება. „ჩვენ ძალიან აქტიურად ვიქნებით ჩართულები და გვსურს, ვენესუელის ხალხს თავისუფლება მოვუტანოთ“, - განაცხადა ტრამპმა.
მან ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ ვენესუელელების უმრავლესობა მიმდინარე ცვლილებებს დადებითად აღიქვამს.
„ვფიქრობ, ვენესუელელი ხალხი ძალიან, ძალიან ბედნიერია. ისინი დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ არსებითად დიქტატურის ქვეშ — და შესაძლოა, კიდევ უფრო უარესის“, — თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.