რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დეკემბრის დასაწყისში რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შორის შეხვედრის შემდეგ, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის უკრაინასთან დაკავშირებით თითქოს ყველა „გაუგებრობა“ მოგვარდა. ამის შესახებ Reuters იუწყება.
ლავროვმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებმა დაადასტურა პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის აგვისტოში, ალასკის სამიტზე მიღწეული „ურთიერთგაგება“.
„ახლა, უკრაინის საკითხზე ამერიკელებთან ჩვენი მოლაპარაკებების დროს, პირადად მე მჯერა, რომ კომუნიკაციაში არსებული გაუგებრობები და ხარვეზები მოგვარებულია“, - თქვა მან.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მათ სურთ, რუსეთ-უკრაინის ომში „გრძელვადიანი და მდგრადი სამშვიდობო შეთანხმების“ საფუძვლად შეთანხმებული დოკუმენტების პაკეტი შეიცავდეს უსაფრთხოების გარანტიებს „ყველა ჩართული მხარისთვის“.
„ჩვენს ამერიკელ კოლეგებს კოლექტიური უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დამატებითი წინადადებები წარვუდგინეთ. გვესმის, რომ უსაფრთხოების გარანტიებზე საუბრისას, ჩვენ არ შეგვიძლია შემოვიფარგლოთ მხოლოდ უკრაინით“, - თქვა მან.
ლავროვმა ასევე გაიმეორა რუსული პროპაგანდისტული ნარატივი, რომ რუსეთი არ დათანხმდება უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას და რომ მოსკოვი უკრაინაში რუსულენოვანი მოქალაქეების „დაცვას“ ითხოვს.