ბრიუსელი შეჩვეულია მითითებას და შეუჩვეველია კრიტიკას, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რამდენად აცდენილი არის ის მთავარ ევროპულ ღირებულებებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს არის დირექტივებით სავსე საუბარი, ეს არის მხოლოდ მითითებები და ნული რეფლექსია, ნული კრიტიკის მოსმენის სურვილი და ნული შესაძლებლობა სხვისთვის, რომ განმარტებების შესაძლებლობა მისცე.
„გარდა ამისა რა კომენტარებსაც ვისმენდით ეს დღეები, მეორე ტენდენციაც გამოჩნდა. ეს არის თავხედობა, რომ სხვა ხალხების სახელით საუბრობენ. ამაზე ენა შეგვაჩვიეს, უკვე რაღაც პერიოდი არის, რომ სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა მინისტრები რატომღაც შეეჩვივნენ ქართველი ხალხის სახელით საუბარს. დღეს ვნახეთ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება. საფრანგეთში 17 პროცენტიანი მხარდაჭერის მქონე მთავრობა, საქართველოს 54 პროცენტიანი მხარდაჭერის მქონე მთავრობას ქართველი ხალხის სახელით გვესაუბრება, და გვეუბნებიან თუ რა სურთ ქართველებს. რა იცის, ან საერთოდ ნამყოფი თუ არის საქართველოში? სიმართლე გითხრათ ეს მართლაც თავხედობაა, რომ სხვა ერების სახელით ისაუბრო,”- განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ეს არის ტიპური, საბჭოური მოვლენა, როდესაც საბჭოთა მოსკოვი სხვა ხალხების სახელით საუბრობდა და ეგონათ, რომ მათ იცოდნენ რა უნდოდათ ხალხებს და არა იმ ხალხმა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაქვემდებარებაში იყვნენ.
„პირდაპირ ვხედავთ ბრიუსელის სოვეტიზაციას, რაშიც თავისი წვლილი შეაქვთ აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლებს. ვხედავთ საგარეო პოლიტიკა ჩაბარებული აქვს საბჭოთა ესტონეთში, საბჭოთა ნომენკლატურის ოჯახში დაბადებულ და გაზრდილ კაია კალასს და ევროპის საკითხები ჩაბარებული აქვს კომუნისტურ იუგოსლავიის წარმატებულ სპორტსმენ ქალბატონ კოსს, რომელზეც ბრალდებები არსებობს, რომ ის იუგოსლავიის საიდუმლო სამსახურთან თანამშრომლობდა და მან ამ ბრალდებების დამაჯერებელი უარყოფა ვერ წარადგინა. ბრიუსელის სოვეტიზაციის პროცესი სამწუხაროდ ძალიან წარმატებით მიმდინარეობს და ბრიუსელი მთავარ ევროპულ ღირებულებებს აცდენილია,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ .