„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი ცილისწამებას უწოდებს "ქართული ოცნების" მცდელობას, საზოგადოება დაარწმუნონ, თითქოს ოპოზიცია მუშაობს ქართველი ხალხისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე - "ასეთი ფაქტი ფიზიკურად არ არსებობს"
მისი თქმით, ივანიშვილი უხერგავს საქართველოს გზას ევროპაში და ცდილობს თავისი ქმედებებით ქართველი ხალხი დაისაჯოს.
„უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია საჯაროდაც და ეს არის ძალიან გამჭვირვალე პროცესი. თუ ვინმეს ჰგონია და ასეთი შეთქმულების თეორიის ტყვეობაშია, რომ ევროპაში ჩადიხარ და წლების განმავლობაში ერთ საკითხზე მუშაობ, ამ დროს კი სულ სხვა რამეს ამბობ საჯაროდ, ასეთი რამ არ ხდება. მაშინ ევროპაზე აბსოლუტურად დამახინჯებული წარმოდგენა გაქვს. შეუძლებელია საჯაროდ ერთი პოზიციონირება გქონდეს და კულისებში სხვა. ჩვენ ყოველთვის ვმუშაობდით იმაზე, რომ ქართველ ხალხს არ შეხებოდა ის პრობლემები, რაც დაატყდა თავს ჩვენს ქვეყანას ივანიშვილის გამო. ივანიშვილი უხერგავს გზას საქართველოს ევროპაში და ცდილობს თავისი ქმედებებით ქართველი ხალხი დაისაჯოს. ჩვენ ვცდილობთ, რომ ქართველი ხალხი არ დაისაჯოს, არამედ დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც ივანიშვილს მხარს უბამენ. აი, ეს არის მთავარი. ამიტომ, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ჩვენ ყოველთვის იმას ვცდილობდით, რომ ეს არა ქართველ ხალხს, არამედ ივანიშვილის ბანდის წევრებს შეხებოდა“,- განაცხადა ფავლენიშვილმა.
მისი განმარტებით, ძალიან სამწუხაროა, როდესაც პროპაგანდისტული საშუალებით ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ, თითქოს ოპოზიცია მუშაობს ქართველი ხალხისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე.
„ასეთი ფაქტი ფიზიკურად არ არსებობს. ეს არის ივანიშვილის გუნდის ცილისწამება და ჭორი, რომელიც იქითა მხარეს არის. აქეთა მხარეს არის კონკრეტული ფაქტები, როგორ ვმუშაობთ დასავლელ კოლეგებთან იმისთვის, რომ ქართველ ხალხს ეს ყველაფერი არ შეეხოს“,- განაცხადა ფავლენიშვილმა.