არასამთავრობო ორგანიზაციების გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ "ქართული ოცნების" მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი, რომელიც სამ ოპოზიციურ ძალას - „ნაციონალურ მოძრაობას“, „ახალი“-ს და „ლელოს“ ეხება, არასამართლებრივ საფუძველზეა აგებული და ეფუძნება უკანონოდ შექმნილი კომისიის დასკვნას.
ბრიფინგზე იურისტმა ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი არა მხოლოდ ოპოზიციის ჩახშობის, არამედ პლურალისტური დემოკრატიის ფორმალურად დასრულების მცდელობაა.
"როგორც თქვენთვის ცნობილია, "ქართული ოცნების" ე.წ. პარლამენტის დეპუტაციას, სულ პარლამენტის 88 წევრმა ამას წინათ, კონსტიტუციური სარჩელი შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში, რითაც ითხოვს სამი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის აკრძალვას და შესაბამისად, საქართველოში პლურალისტური დემოკრატიის დახურვას.
ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც ამ თავისთავად ძალიან ფუტურო სარჩელს ახლავს, ეს არის პარლამენტის ე.წ. დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომლის კანონიერებაზეც მოგახსენებთ შემდეგს:
ეს კომისია, რომელსაც საქართველოში იცნობენ როგორც წულუკიანის კომისიას, შეიქმნა უკანონოდ, იმიტომ, რომ იგი შეიქმნა კონსტიტუციის და პარლამენტის იმ დროს მოქმედი რეგლამენტის ძალიან მნიშვნელოვანი წესის დარღვევით.
კერძოდ, საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად აუცილებელია, რომ საგამოძიებო კომისიაში იქნეს წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიების ნახევარი მაინც. რადგან პარლამენტში იმ დროისთვის ოპოზიციური პარტიები, უბრალოდ, არ იყო წარმოდგენილი, სამმა მათგანმა უარი თქვა თავის მანდატებზე, ხოლო ერთმა მანდატებზე არ თქვა უარი, მაგრამ არ მუშაობდა პარლამენტში. შესაბამისად, იმ დროს ოპოზიცია პარლამენტში არ იყო. რა გააკეთა "ქართულმა ოცნებამ"? თავისი რიგებიდან გაიყვანა გარკვეული წევრები, რათა შეექმნა ხელოვნურად ე.წ. ვითომდა ოპოზიციური პარტიები. ეს არის კონსტიტუციის და რეგლამენტის დადგენილი წესის პირდაპირი და უხეში დარღვევა. შესაბამისად, ამ პროცედურული უხეშ დარღვევის საფუძველზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნას არ გააჩნია კანონიერი, ლეგიტიმური საფუძველი.
მეორე პრობლემა გახლავთ ის, რომ პარლამენტმა ამ დროებით საგამოძიებო კომისიას მიანიჭა მეტისმეტად ფართო უფლებამოსილებები, მეტისმეტად ფართო მანდატი, რომელიც შორს სცდება პარლამენტის რეგლამენტის მიერ დადგენილ ჩარჩოებს. ნებისმიერი მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ტრიბუნალი, სასამართლო, ამისთანა კომისიის მიერ შექმნილ მტკიცებულებას, არ მიიღებდა როგორც კანონით მოპოვებულ და სანდო მტკიცეულებას, - თქვა ალექსანდრე ბარამიძემ.