კონკრეტულ პოლიტიკოსებზე აქვს ივანიშვილს გადაწყვეტილება მიღებული, რომ მზის შუქს თავისუფლებაზე ვეღარ იხილავენ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,
ის პროკურატურის მიერ, საბოტაჟის, მტრულ საქმიანობაში დახმარების და ხელისუფლების დამხობის მოწოდების საქმეზე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას გამოეხმაურა.
სანიკიძის თქმით, ეს ასევე არის ცალსახა პასუხი ევროკომისიის ანგარიშზე. ყველა ანგარიშის დროს ივანიშვილი პასუხობს ზუსტად ასეთი გამწვავებული ფორმით. მისივე თქმით, სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის მთავარი მოწინააღმდეგეა და მორიგი აბსურდული ბრალი დაუმატეს.
„ივანიშვილი ამყარებს დიქტატურას, ამ ქვეყანაში არათუ პოლიტიკურ პარტიებს კრძალავენ და ფორმალურად აუქმებენ, კონკრეტულ პოლიტიკოსებზე აქვს ივანიშვილს გადაწყვეტილება მიღებული, რომ მზის შუქს თავისუფლებაზე ვეღარ იხილავენ. ეს არის ამ ქვეყანაში დიქტატურის დამყარების მთავარი მცდელობა. პირველი ხაზია პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები. მე და ჩვენი პოლიტიკური გუნდი ვხედავთ ერთადერთ შესაძლებლობას: შესაძლოა, ახლა არის ძალათა კონსოლიდაციის ბოლო შანსი. ივანიშვილს განაჩენი გამოტანილი აქვს, პოლიტიკოსების შემდეგ იქნება ქუჩის პროტესტის კიდე უფრო ძალადობრივი დაშლა, თავისუფალი მედიის ბოლომდე შეზღუდვა, ყველა თავისუფალ უნივერსიტეტსა და კერას მიადგება, ამის შემდეგ თავისუფალი ბიზნესის ნარჩენები რაც არის, იმასაც გადაუვლის. ეს არის ივანიშვილის მარტივი სქემა. საქართველო ექცევა სრულმასშტაბიან იზოლაციაში. ივანიშვილი ემზადება ქვეყნის დასაკეტად. ეს არის ასევე ცალსახა პასუხი ევროკომისიის ანგარიშს და განცხადებაზე. ყველა ანგარიშის დროს ივანიშვილი პასუხობს ზუსტად ასეთი გამწვავებული ფორმით, მე, ჩვენი პოლიტიკური გუნდი და დემოკრატიული საზოგადოება, ვისაც არ გვინდა ივანიშვილის მონობაში ცხოვრება, ერთადერთი გამოსავალი გვაქვს, ან ჯანსაღი პოლიტიკურ პარტიები, თავისუფალი საზოგადოება, მედია, თავისუფალი მოქალაქეები ერთიანდებიან საერთო მიზნით, პოლიტიკური კონტურების და ეგოების თამაში დამთავრებულია, ან ივანიშვილი მიაღწევს იმას, რაც უნდა, დაამყარეს დიქტატურას.
სააკაშვილი ივანიშვილის მთავარი მოწინააღმდეგეა, ივანიშვილის პატრონის, ვლადიმერ პუტინის, სააკაშვილს მორიგი აბსურდული ბრალი დაუმატეს, „ფეისბუქ“ პოსტების გამო დამატებით წლების დაშენებას აპირებენ“,- აღნიშნა სანიკიძემ.
დღეს, მთვარი პროკურორის ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
გიორგი გვარაკიძის ცნობით, მიხეილ სააკაშვილს ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტზე. ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე. ელენე ხოშტარიას ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდების და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე. ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟის ფაქტზე.
პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ - გირაოს, ხოლო სხვა ბრალდებულების მიმართ წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.