თუკი ვინმეს აქვს უკუსვლა, ეს სწორედ ევროკავშირის დღევანდელი მმართველი ინსტიტუციებია. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის და ქედმაღლურ ტონს ამჯობინებს, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს 4 ნოემბერია და ჩემი ბრიფინგი მინდა დავიწყო შეხსენებით, რომ ზუსტად ერთი თვის წინ, 4 ოქტომბერს რადიკალურმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა, ბრიუსელის ზოგიერთი წარმომადგენლის მხარდაჭერის ფონზე, ძალადობრივი შტურმი მიიტანეს პრეზიდენტის სასახლეზე. სახელმწიფო ბეწვზე გადაურჩა სისხლის ღვრასა და წარსულ ქაოსში დაბრუნებას. კარგი იქნებოდა, დღეს მაინც, მოგვესმინა ბრიუსელის მკაფიო, არაორაზროვანი პოზიცია საქართველოში რადიკალურ ჯგუფებზე, ხელისუფლების დამხობაზე, რომლის უკანაც, არცთუ უარგუმენტოდ, ძაფები მიდის თავად ბრიუსელთან. სწორედ ეს თვალსაჩინო ფაქტია იმ ფონისა თუ დამოკიდებულების ყველაზე ნათელი ილუსტრაცია, თუ როგორ ეპყრობა ქართულ სახელმწიფოს, ქართველ ხალხს და მის არჩევანს ევროპული ბიუროკრატია.
ბიუროკრატია, რომელიც გაიჟღინთა ფარული პოლიტიკური დღის წესრიგით, ქედმაღლური დამოკიდებულებითა და უპატივცემულობით ყველა იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც ბრმა მორჩილებას არ ავლენს, ცდილობს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებასა და სახელმწიფოს მართვის სუვერენული უფლებით სარგებლობას. ამის კარგი მაგალითია ევროკომისიის მიერ დღეს წარმოდგენილი გაფართოების ანგარიში საქართველოზე, სადაც ორგანულად ერწყმის ერთმანეთს გაცვეთილი პოლიტიკური ბრალდებები, სიცრუე, მტრული რიტორიკა და გამიზნული მავნებლობა. ეს არის ბრიუსელის კაბინეტიდან დანახული საქართველო, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეალურ საქართველოსთან. ზუსტად ამგვარი, უკვე ტრადიციად ქცეული სულისკვეთებითაა წარმოდგენილი ევროკავშირის გაფართოების დღევანდელი ანგარიშიც, სადაც საქართველოს მონაკვეთი თეთრი ძაფითაა ნაკერი.
ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც ქვეყნის პროგრესს გაზომვად პარამეტრებზე დაყრდნობით აფასებს, უაღრესად მშრალი და სიტყვაძუნწი ფორმითაა დაწერილი, ხოლო ანგარიშის პოლიტიკური ნაწილი მკვეთრად აგრესიული და უსამართლოა. სწორედ ამიტომ, გვსურს მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ მსგავსი უსამართლო, მიკერძოებული, ანტიდემოკრატიული, ქვეყნის პოლარიზაციისკენ მიმართული და დესტრუქციული დამოკიდებულების შედეგად თუკი ვინმეს აქვს უკუსვლა, ეს სწორედ ევროკავშირის დღევანდელი მმართველი ინსტიტუციებია. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის და ქედმაღლურ ტონს ამჯობინებს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.