მე მგონია, რომ აქციის მისაკუთრებას არავინ უნდა ეცადოს. ეს არის ძალიან უმადური საქმე. მე არ მგონია, რომ ადამიანები რუსთაველის გამზირზე, ვინმე კონკრეტული, ერთი პიროვნების მოწოდების შედეგად მივიდნენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა,
სანიკიძეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს გიგა ბოკერიას გუშინდელ განცხადებაზე, რომლის მიხედვით, აქცია იყო მათი ორგანიზებული და სააკაშვილის ბანერი არ უნდა ყოფილიყო.
სანიკიძის თქმით, ბოკერიას პარტია არჩევნებში საერთოდ არ იღებდა მონაწილეობას,
„თავისუფალი მოქალაქეები შეიკრიბნენ რუსთაველის გამზირზე, კიდევ ერთხელ დააფიქსირეს პოზიცია, რომ ქვეყანაში არის არალეგიტიმური პარლამენტი და 2024 წლის 26 ოქტომბერს, როდესაც ივანიშვილმა მიიტაცა ამ ქვეყანაში ხელისუფლება, სწორედ მაშინ დაიწყო ის ერთი ციკლი, რომელიც ადამიანებს რუსთაველის გამზირზე ლამის სიცოცხლის ხელყოფის ფასად დაუჯდათ.
მე მგონია, რომ აქციის მისაკუთრებას არავინ უნდა ეცადოს, ეს არის ძალიან უმადური საქმე. მე არ მგონია, რომ იქ ადამიანები ვინმე კონკრეტული ერთი პიროვნების მოწოდების შედეგად იყვნენ აღმოჩენილი. ეს არის საერთო სახალხო პროცესი, მით უმეტეს, 26 ოქტომბერზე როდესაც ვსაუბრობთ, გიგა ბოკერიას პარტია საერთოდ არჩევნებში არ მონაწილეობდა. ამიტომ მისი აქცია ეს ვერ იქნებოდა. სახალხო პროცესია, რომელსაც ვერ ეყოლება სათავეში ვერცერთი კაცი, ვერცერთი ქალი. ეს არის პროცესი, რომელიც გამარჯვებით დასრულდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მოხდება ჯანსაღი ოპოზიციური ძალების სრული და აბსოლუტური კონსოლიდაცია.
მრავალათასიანი აქცია იყო. არსებობს აქციები, რომელიც შეიძლება იყოს ათიათასკაციანი, 15 000-კაციანი, 25 000-კაციანი, სიმწვავისა და პრობლემის აღქმის მიხედვით. არავითარი განსაკუთრებული ძალისხმევა არ იყო ამასთან დაკავშირებით ჩადებული. ეს იყო აქცია, რომელიც სწორედ ქართველი ხალხის ნების გამომხატველი იყო და ძალიან ბევრი ადამიანი, იმის გათვალისწინებით, რომ პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ შესაბამისი ფინანსური რესურსი, აწარმოონ მრავალკვირიანი კამპანია, ამის მიუხედავად, ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა, რადგან ეს პროცესი არ ეკუთვნის მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს. ეს არის, პირველ რიგში, საზოგადოებრივი პროცესი, რომელსაც უბრალოდ მომსახურება უნდა გაუწიონ რიგმა პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.