„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტს მზია ამაღლობელს ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადაეცა. "ნეტგაზეთის" ცნობით, პრემია მიიღო ბელარუსმა ჟურნალისტმა ანდრეი პაჩობუტმაც.
სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოა ადამიანის უფლებების დარგში. პარლამენტი მას ყოველწლიურად 1988 წლიდან ანიჭებს ფიზიკურ პირებს, ჯგუფებს ან ორგანიზაციებს ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლების ან დემოკრატიული ღირებულებების დაცვისადმი მათი გამორჩეული ერთგულების აღიარების ნიშნად. პრემიის საპრიზო თანხა 50 000 ევროს შეადგენს.
სახაროვის პრემიის ყველა დროის ლაურეატებს შორის არიან ნელსონ მანდელა, კოფი ანანი, ლუდმილა ალექსეევა, ოლეგ სენცოვი, ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაცია, რეპორტიორები საზღვრებს გარეშე, ალექსეი ნავალნი, მაჰსა ამინი. 2022 წელს სახაროვის პრემია უკრაინელ ხალხს გადაეცა. შარშანდელი გამარჯვებული არიან ვენესუელის ოპოზიციური პოლიტიკოსები: მარია კორინა მაჩადო და ედმუნდო გონსალესი.