აშშ-ის სახელმწიფო მდივან მმარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
Kyiv Independent-ის ცნობით, სატელეფონო ზარი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის 16 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, რომ ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ბუდაპეშტში შეხვედრას გეგმავდა, ომის დასრულების განახლებული ძალისხმევის ფარგლებში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ორმა ოფიციალურმა პირმა „კონსტრუქციული განხილვა“ გამართა ტრამპსა და პუტინს შორის გასულ კვირას მიღწეული შეთანხმებების განხორციელების შესაძლო შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით.
სახელმწიფო დეპარტამენტს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ამასთან, Reuters იუწყება, რომ მარკო რუბიო, შესაძლოა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ხუთშაბათს, 23 ოქტომბერს შეხვდეს.
„პარასკევს გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუბიო ლავროვთან შეხვედრას მომავალ ხუთშაბათს გეგმავს“, - ნათქვამია გამოცემის ინფორმაციაში.
ამავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ ლავროვსა და რუბიოს შორის შეხვედრის ადგილი ჯერ არ არის განსაზღვრული.
„ასეთი შეთანხმება აბსოლუტურად არ არსებობს. ეს ყველაფერი განხილვის პროცესშია“, - განუცხადა რიაბკოვმა ჟურნალისტებს.
რიაბკოვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთისა და აშშ-ის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების მომავალ შეხვედრაზე შესაძლოა განიხილონ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი, ორმხრივი ურთიერთობები და ეკონომიკური დღის წესრიგი.