ლიბერალიზმის სახელით ყველა მოძალადე უნდა შეაქონ, დააჯილდოონ, რომ სხვებმაც დაინახონ- ძალადობა არის ის ინსტრუმენტი, რომლითაც მათ თანამედროვე ლიბერალიზმი უნდა გაატარონ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტ მზია ამაღლობელისთვის ჯილდოს გადაცემასთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.
„იდეოლოგია, რომელიც დღემდე მეტ-ნაკლებად მსოფლიოში ბატონობდა, ვგულისხმობ თანამედროვე ლიბერალიზმს, სრულად დაფუძნებულია ძალადობაზე: სიტყვიერი ძალადობა, სხვადასხვა ადმინისტრაციული ინსტრუმენტების გამოყენებით ძალადობა, ცენზურით ძალადობა და მათ შორის, ძალადობა მედიის გამოყენებით. შეგახსენებთ, დონალდ ტრამპს მაშინ, ჯერ კიდევ ყოფილ პრეზიდენტს, როგორ გაუთიშეს წვდომა სოციალურ მედიაზე და მისი ანგარიშები როგორ წაშალეს იმისთვის, რომ გაეჩუმებინათ. როგორ ავრცელებდნენ მასზე დეზინფორმაციას იმისთვის, რომ გაეჩუმებინათ. დღესაც როგორ ხდება მასზე თავდასხმა სხვადასხვა მედიის მხრიდან იმისთვის, რომ გააჩუმონ და გააჩერონ ახლა უკვე, როგორც პრეზიდენტი. ზუსტად ამას ვხედავდით ჩვენ საქართველოსთან მიმართებით, როდესაც თანამედროვე ლიბერალიზმი ვერბალური ძალადობით, ბულინგით, მედიის გამოყენებით, რომელიც ერთი ცენტრიდან კოორდინირება, როგორ ცდილობს გააჩუმოს საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საუბრობენ სიმართლეზე, რაც ხდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის მიღმა. ესეც არის ერთ-ერთი მაგალითი. მოძალადის გმირად წარმოჩენა-ზუსტად ამ იდეოლოგიის გამართლება არის. თანამედროვე ლიბერალიზმი დღეს როგორც არის სახეშეცვლილად წარმოჩენილი, ეფუძნება ძალადობას. ლიბერალიზმის სახელით ყველა მოძალადე უნდა შეაქონ, დააჯილდოონ, რომ სხვებმაც დაინახონ - ძალადობა არის ის ინსტრუმენტი, რომლითაც მათ თანამედროვე ლიბერალიზმი უნდა გაატარონ. ეს ეწერება მთლიანად იმ კონცეფციაში, რაც თანამედროვე ლიბერალიზმს აქვს, რომ მოძალადეს წარმოაჩენენ გმირად“,-განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს მფლობელი გახდა.