საქართველოს ხელისუფლებაზე ანიტა ჰიპერის ვერბალური თავდასხმა პასუხისმგებლობისგან გაქცევის სასოწარკვეთილი მცდელობაა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისივე თქმით, რამდენჯერაც ევროკავშირის სპიკერი სიტყვა „რუსულს“ ქართველი ხალხის მისამართით გამოიყენებს, პასუხს იმდენჯერვე მიიღებს.
„ერთადერთი, რასაც ქართული საზოგადოება ევროკომისიის პრესსპიკერისგან მოელის, არის ბოდიში ხელისუფლების დამხობის მიზნით დაორგანიზებული შეკრების მხარდაჭერის გამო, რომლის მონაწილეებიც პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ და 25 პოლიციელი დააზიანეს. საქართველოს ხელისუფლებაზე მისი დღევანდელი ვერბალური თავდასხმა კი, ამ პასუხისმგებლობისგან გაქცევის სასოწარკვეთილი მცდელობაა.
რაც შეეხება „რუსულებს“ – ქალბატონ პრესსპიკერს არანაირი ეჭვი არ უნდა ჰქონდეს, რომ რამდენჯერაც ის ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ სიტყვა „რუსული“-თ უადგილო ჟონგლიორობას გადაწყვეტს, იმდენჯერ მიიღებს პასუხს“, – წერს პაპუაშვილი.