ფაქტია, ეს ადამიანი ცოცხალი აღარ არის კანონიერებისაგან, მორალისაგან და სამართლიანობისაგან სრულად დაცლილი რეჟიმის გამო - რუსეთისგან ესეც აგითვისებიათ - გაურკვეველ ვითარებებში ადამიანების „თვითმკვლელობა“, - ასე ეხმიანება„კანონის უზენაესობის ცენტრის“ დამფუძნებელი, ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილი უფროსის დავით გოგობერიშვილის გარდაცვალებას, რომელიც ავტოფარეხში, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს.
„ამ ამბავმა ჩამომშალა. დავით გოგობერიშვილი ჩემი კურსელი/ჯგუფელი იყო. დილიდან ვათვალიერებ ყველაფერს, რაც მასზე იწერება და მიხარია (ამ სიტუაციაში თუ შეიძლება ადამიანს რამე გაგიხარდეს), რომ მასზე მხოლოდ კარგს ვკითხულობ. ასეთი იყო ყოველთვის - ყველას უყვარდა!
ჩემთვის დეტალებს არა აქვს არსებითი მნიშვნელობა. ფაქტია ეს ადამიანი ცოცხალი აღარ არის კანონიერებისაგან, მორალისაგან და სამართლიანობისაგან სრულად დაცლილი რეჟიმის გამო. რუსეთისაგან ესეც აგითვისებიათ - გაურკვეველ ვითარებებში ადამიანების „თვითმკვლელობა”.
ამ ხელისუფლებას განსაკუთრებულად სძულს ის საჯარო მოხელეები, ვინც ამ პირობებშიც ახერხებენ ადამიანებმა მასზე ის დაწერონ/თქვან, რასაც დილიდან მასზე ვკითხულობთ.
ყველას მოგეკითხებათ, ვისაც ამაში იოტისოდენა წვლილი გაქვთ. ეჭვი არ შეგეპაროთ!
ვინც ამ საქმის გამოძიებაზე პასუხისმგებელი ხართ, იმედია ხვდებით რომ თქვენი უდიდესი პასუხისმგებლობაა ამ სიკვდილის/“თვითმკვლელობების” ქრონიკების შეჩერება! მშვიდობით ,,გოგობერა“, - წერს ლონდა თოლორაია.