მაღალი და დაბალი პროცენტების განხილვის დრო ახლა არ არის. რეალურად, როგორც „ოცნება“, ასევე მათთან ფარულ პარტნიორობაში მყოფი ეს უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ქვეყანას გვაკარგვინებენ, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
„შედარება იმასთან, რაც საპარლამენტო არჩევნების დროს იყო და რაც დღესაა, არ შეიძლება. მაშინ სულ სხვა ვითარება იყო და დღეს სულ სხვა ვითარებაა. მაშინ „ოცნება“ გაცილებით სუსტი და მეტად დელეგიტიმური იყო, მაშინ პროტესტიც გაცილებით ძლიერი იყო. იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ყველას ერთად მოგვეხერხებინა ერთი მხრივ, მშვიდობიანი პროტესტი გაგვეგრძელებინა და გაგვეძლიერებინა, რათა „ოცნებაზე“ მუდმივი წნეხი ყოფილიყო, მეორე მხრივ, პოლიტიკური პროცესი კი არ მოგვეკლა, ის გაგვეძლიერებინა, მივიღეთ შედეგი, როდესაც პოლიტიკური პროცესი საერთოდ მოკვდა და ამაზე პასუხისმგებლობას ჩვენც ვიღებთ“, – აღნიშნა გიორგი შარაშიძემ.
რაც შეეხება კითხვას, „შეიკრიბება თუ არა პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭო და იმსჯელებს თუ არა პარლამენტში შესვლის საკითხზე“, – შარაშიძის თქმით, საჭიროა ყველაფრის გაანალიზება.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაღიარებთ, რომ პარლამენტის ბოიკოტირება შეცდომა იყო. ეს არ ნიშნავს, რომ ამ შეცდომის გამოსწორების ერთადერთი გზა პარლამენტში ჩვენი შესვლაა, თუმცა ყველაფრის გაანალიზება საჭიროა. ვიდრე ყველას და ყველაფერს თავის სახელს არ დავარქმევთ, იქამდე ჩვენ არანაირ კონკრეტულ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ. ამიტომ, ამაზე საუბარი ნაადრევია, რა თქმა უნდა, პოლიტსაბჭო შეიკრიბება და ამ საკითხზე მსჯელობა იქნება, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ამ ეტაპზე ჩვენთვის ყველაფრის სრულფასოვანი ანალიზია მთავარი. ჩვენ დამნაშავეს თუ დამნაშავე არ დავარქვით და შეცდომას შეცდომა და ეს დანაშაულისგან არ გავმიჯნეთ, დანაშაულს დანაშაული არ დავარქვით, ახალი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა ნაადრევი იქნება“, – აღნიშნა გიორგი შარაშიძემ.