აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ მოქმედებს არა „დიფ სთეითის“ გავლენით, არამედ ამერიკელი ხალხის ობიექტური ინტერესების შესაბამისად და ამის ყველზე მარტივი მტკიცებულება იქნებოდა ხელისუფლების დამხობის მცდელობის დაგმობა - თინა ბოკუჩავამ კი დაგმო ხელისუფლების დამხობის მცდელობა და რა გაუჭირდა ან ევროკავშირს ან სახელმწიფო დეპარტამენტს რომ დაგმოს ეს მცდელობა?! - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ამასთან, კობახიძე აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი, თამარ ტალიაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტში არ დაუბარებიათ.
„ელჩის დაბარება ხომ იცით რაც რას ნიშნავს?! ელჩის დაბარება არის დიპლომატიური ზომა, რომელსაც იყენებ რაღაც პროტესტის გამოსახატავად და ა.შ. მაგალითად, როდესაც გერმანიის, ბრიტანეთის, ევროკავშირის ელჩი აკეთებს სამარცხვინო განცხადებას, ჩვენ ვიბარებთ ხოლმე, იმიტომ რომ ეს არის დიპლომატიური ზომა. ამ შემთხვევაში, ეს დიპლომატიური ზომა არ ყოფილა გამოყენებული. სთხოვეს შეხვედრა ელჩს, რაც მაშინვე დაგიდასტურეთ, როგორც კი დადგა 5 ოქტომბერი. დაგიდასტურეთ, რომ ჩვენს ელჩს სთხოვეს შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც განიხილეს კონკრეტული საკითხები, მაგრამ დიპლომატიური ზომა - დაბარება არ ყოფილა გამოყენებული. ჩვენ ხომ ვიცით ჩვენი ელჩისგან დიპლომატიური ზომა - დაბარება იყო თუ არა გამოყენებული?! ჩვენი ელჩი აცხადებს, რომ დიპლომატიური ზომა - დაბარება არ იყო გამოყენებული. მას სთხოვეს შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში.
ჩემი მოწოდებაა სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართ, მკაფიოდ დაგმოს ხელისუფლების დამხობის მცდელობა და ამით ქმედითად დაამტკიცოს ქართველი ხალხის წინაშე, რომ ასეთ ინტერესები არ აქვს სახელმწიფო დეპარტამენტს ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს არის ჩვენი მოწოდება, დანარჩენზე ყველამ გამოიტანოს საკუთარი დასკვნები. თუ მათ სურთ, დაამტკიცონ, რომ მათ ინტერესებში არ შედის ქვეყანაში არეულობის მოწყობა, დამხობის პროვოცირება და ა.შ.ეს უნდა დაამტკიცონ ქმედით ნაბიჯებით. პირველი ქმედითი ნაბიჯი იქნებოდა ხელისუფლების დამხობის მცდელობის დაგმობა მკაფიოდ სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან. თქვენ გახსოვთ იყო გაორებული განცხადებები თავის დროზე, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა პრეზიდენტ ყაველაშვილს მიულოცა დღესასწაული (აღარ მახსოვს დამოუკიდებლობის დღე იყო, თუ ახალი წელი), სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა ზოგადი განცხადება, სადაც საუბრობდა არა ხელისუფლებაზე, არამედ ხალხზე. სახელმწიფო დეპარტამენტმა კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ მოქმედებს არა „დიფ სთეითის“ გავლენით, არამედ ამერიკელი ხალხის ობიექტური ინტერესების შესაბამისად და ამის ყველზე მარტივი მტკიცებულება იქნებოდა ხელისუფლების დამხობის მცდელობის დაგმობა,“ - განაცხადა კობახიძემ.