ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით: „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“.
რეზოლუციას 77 დელეგატიდან 68-მ დაუჭირა მხარი, 7-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 2-მა თავი შეიკავა.
"ასამბლეა ღრმა მწუხარებას გამოხატავს იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება მის შეშფოთებასა და რეკომენდაციებს საქართველოში დემოკრატიული კრიზისის შესახებ სისტემატურად უგულებელყოფს, რაც ფართოდ არის გაზიარებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ. დემოკრატიის სწრაფი უკუსვლა იმდენად გაგრძელდა, რომ დღეს უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას თავად დემოკრატიის არსებობა საქართველოში" - ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.
„დემოკრატიის სწრაფი უკუსვლა იმდენად გაგრძელდა, რომ საქართველოში დემოკრატიის არსებობა ამჟამად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ასამბლეა გმობს საქართველოს ხელისუფლების სულ უფრო იზოლაციისკენ მიმართულ პოლიტიკას და ანტაგონისტურ ურთიერთობებს ევროპულ ორგანიზაციებთან და მათ წევრ სახელმწიფოებთან. იგი ასევე გმობს უსაფუძვლო თავდასხმებსა და უსაფუძვლო, დამაზიანებელ ბრალდებებს საქართველოში საერთაშორისო საზოგადოების წევრების წინააღმდეგ, რომლებიც ბოლო თვეებში გამრავლდა“, - აღნიშნულია რეზოლუციის პროექტის ტექსტში.
დოკუმენტში ასევე საუბარია საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით.
„საქართველოში მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, ასამბლეა წუხს იმ ფაქტის გამო, რომ მისი მოწოდება ახალი, ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნებისთვის ხელსაყრელი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად დაუყოვნებლივი, ინკლუზიური პროცესის შესახებ არ შესრულდა, რაც აშკარაა ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის გადაწყვეტილებიდან, არ მიეღოთ მონაწილეობა მომავალ ადგილობრივ არჩევნებში. ასამბლეა წუხს, რომ ამ არჩევნებს არ დააკვირდებიან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებსაც არჩევნების დაკვირვების კარგი რეპუტაცია აქვთ. ამ მხრივ, ის ღრმად წუხს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ მოიწვია ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესი მოახლოებულ არჩევნებზე დასაკვირვებლად. ასამბლეა ასევე წუხს, რომ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისისს (OSCE/ODIHR) ამ არჩევნებზე დასაკვირვებლად მიწვევა განზრახ გაეგზავნა იმდენად გვიან, რომ მათი დაკვირვება შეუძლებელი გახდა“, - აღნიშნულია რეზოლუციის პროექტში.