კაია კალასი და მარტა კოსი ბოდიშს არ იხდიან მათი პრესსპიკერის მიერ ხელისუფლების დამხობის შეკრების მხარდაჭერის გამო, არადა სწორედ ამას ელოდება დღეს ქართული საზოგადოება ევროკავშირისგან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარის, მარტა კოსის ერთობლივ განცხადებას ეხმაურება.
პაპუაშვილის თქმით, კვლავ მოუწოდებს ევროკავშირის ყველა წარმომადგენელს, თავი შეიკავონ ფაქტებისგან აცდენილი ცრუ ნარატივების გავრცელებისგან.
„სწორად თუ მივხვდი, ქალბატონი კალასი და ქალბატონი კოსი ბოდიშს არ იხდიან მათი პრესსპიკერის მიერ ხელისუფლების დამხობის შეკრების მხარდაჭერის გამო, რის შედეგადაც, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმისას 25 პოლიციელი დაშავდა. არადა, სწორედ ამას ელოდება დღეს ქართული საზოგადოება ევროკავშირისგან.
რაც შეეხება მათი მხრიდან ქართული არჩევნების შეფასებას. მე კვლავ მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა წარმომადგენელს, თავი შეიკავონ ფაქტებისგან აცდენილი ცრუ ნარატივების გავრცელებისგან, რაც აძლიერებს რადიკალური ძალების სურვილს, ძირი გამოუთხარონ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებების პატივისცემას“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა მარტა კოსმა საქართველოში გამართულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.