რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოლდოვასა და უკრაინის პრეზიდენტების, მაია სანდუსა და ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებები საქართველოს მიმართ დასავლეთის პოლიტიკური დაკვეთაა".
„[განცხადებების სიმკაცრის] ეს დიაპაზონი უბრალოდ გასაოცარია. შეხედეთ, ეს არ არის სიტყვები, რომლებიც მიმართულია საქართველოს ხელმძღვანელობისკენ. ისინი არსებითად შეურაცხყოფენ საქართველოს და მის ხალხს. და რატომ? ესეც კურატორებმა შეუკვეთეს, ეს შეურაცხყოფები მიმართულია ქართველი ხალხისკენ, გესმით? პოლიტიკური მოღვაწეების გარჩევის გარეშე, განზოგადებით. ეს არის სწორედ პოლიტიკური გაუქმების კულტურა (ინგლ. Cancel Culture), ეს არის პოლიტიკური უკულტურობა, რომელსაც უკვეთს დასავლეთი, აჭერს ამ ღილაკს, როცა სჭირდებათ ზეწოლა." - თქვა ზახაროვამ.
ჟურნალისტმა ზახაროვას დაუსვა შეკითხვა, რომელიც ეხებოდა ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ნათქვამ სიტყვებს, რომ "ევროპამ საქართველო დაკარგა" და გაყალბებულ ვიდეოს, რომელშიც თითქოს მაია სანდუ საქართველოს რუსეთის კოლონიას უწოდებდა.
მაია სანდუს განცხადება, სადაც მან თითქოს „საქართველო რუსეთის კოლონიად" მოიხსენია, „მითების დეტექტორის“ ინფორმაციით, ყალბი და ვიდეოფაბრიკაციაა.
"ვრცელდება მაია სანდუს ვიდეოფაბრიკაცია, რომელშიც ის საქართველოს რუსეთის კოლონიას უწოდებს. რეალურად, მოლდოვის პრეზიდენტს საქართველო მის გამოსვლაში რუსეთის კოლონიად არ მოუხსენიებია. ვიდეოფაბრიკაციისათვის გამოყენებულია მისი 29 აგვისტოს სიტყვით გამოსვლა, რომელშიც იგი საქართველოს საერთოდ არ ახსენებს. აღნიშნული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით არის დამუშავებული, მოლდოვის პრეზიდენტის აუდიო და ვიდეო შეცვლილია. " წერს "მითების დეტექტორი"