ლიეტუვა მზადაა, წვლილი შეიტანოს უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების მიწოდებაში და ამ მიზნებისთვის 30 მილიონ ევრომდე გამოყოფას გეგმავს.
ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა დოვილე შაკალენემ აშშ-ის თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მოლაპარაკებების დროს მან მხარდაჭერა გამოხატა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების მიმართ, უკრაინისთვის ნატო-ს მოკავშირეების დაფინანსებით ამერიკული წარმოების იარაღის მიწოდების შესახებ.
შეგახსენებთ, 14 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდების აღდგენის შესახებ განაცხადა. თეთრი სახლის გეგმის თანახმად, ამერიკული იარაღის გადაცემის ხარჯებს კიევის ევროპელი მოკავშირეები დაფარავენ.
ამ ინიციატივაზე უარი თქვეს უნგრეთმა, ჩეხეთმა, იტალიამ და საფრანგეთმა.
საფრანგეთის ლიდერმა ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის განუმარტა, რომ პარიზი უარს არ ამბობს უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერაზე, არამედ გეგმავს მხოლოდ საკუთარი იარაღის მიწოდებას და არ აპირებს ამერიკული იარაღის საფასურის გადახდას.
ამასთან, გუშინ, The Washington Post -მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიამ უკრაინას Patriot-ის სამი სისტემა გადასცა, როგორც აშშ-ის მიერ უკრაინისთვის შემოთავაზებული ახალი დახმარების სქემის ნაწილი, რომლის მიხედვითაც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ამერიკული იარაღის ხარჯებს ევროპული ქვეყნები იხდიან.