აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება გეგმავს, მიმართოს საერთაშორისო მართლმსაჯულების სისტემას „აზერბაიჯანული ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე.
ამის შესახებ ალიევმა შუშას III გლობალურ მედიაფორუმზე განაცხადა.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ AZAL-ის თვითმფრინავის ირგვლივ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებული სიტუაცია დღესავით ნათელია. მისი თქმით, შვიდი თვის განმავლობაში აზერბაიჯანმა რუსული მხარისგან ვერც ერთი მკაფიო პასუხი ვერ მიიღო.
მისი თქმით, აზერბაიჯანის გენერალური პროკურორი რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს მოთხოვნებს უგზავნის, თუმცა პასუხად მხოლოდ ერთი ფრაზა გაისმის: „გამოძიება მიმდინარეობს“.
„სამწუხაროდ, ჩვენ არ მიგვიღია რუსი მაღალჩინოსნებისგან რამე პასუხი თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ უკვე შვიდი თვე გავიდა. ყველაფერი ნათელია. ჩვენ ვიცით, რა მოხდა და შეგვიძლია, დავამტკიცოთ ეს. რუსმა მაღალჩინოსნებმაც იციან, რა მოხდა. და, ჩნდება კითხვა: რატომ არ აკეთებენ იმას, რასაც გააკეთებდა ნებისმიერი მეზობელი? ჩვენი მოთხოვნა აბსოლუტურად ბუნებრივია, მოხდეს შემთხვევის აღიარება, როგორც დანაშაულის, დაისაჯონ ისინი, ვინც ჩამოაგდო ჩვენი თითმფრინავი და გადაუხადონ კომპენსაციები მხვერპლთა ოჯახებს, აანაზღაურონ თითმფრინავის დაკარგვა. ყველაფერი ნათელია, როგორც დღევანდელი ცა, თუმცა შვიდი თვის განმავლობაში პასუხი არ მიგვიღია. ჩვნი გენერალური პროკურორი რეგულარულად უგზავნის წერილს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს. ყველა წერილს პასუხობენ, რომ გამოძიება გრძელდებ“, - განაცხადა ალიევმა.
ალიევმა აღნიშნა, რომ რუსეთის პოზიცია კონტრპროდუქტიულია. მან გაიხსენა, რომ 2014 წელს დონბასში მალაიზიური ბოინგის ჩამოვარდნის გამოძიება 10 წელზე მეტხანს გაგრძელდა. მისი თქმით, აზერბაიჯანიც მზადაა, დაელოდოს იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება, თუმცა სამართალი უნდა იქნეს მიღწეული.