„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა არჩილ ჭავჭანიძემ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ხაზარაძისა და ჯაფარიძის დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
ადვოკატის თქმით, ისინი ყველა სამართლებრივ გზას გამოიყენებენ, მათ შორის მიმართავენ სტრასბურგის სასამართლოსაც.
„გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ დადგმა, წარმოადგენს კლასიკურ მაგალითს პოლიტიკური დევნის.
აღნიშნულ საქმეში ართუ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც არ მოიძებნა, რომელიც დაადასტურებდა მათ ბრალეულობას. შესაბამისად, ჩვენ სააპელაციო საჩივრით ვითხოვთ, რომ გაუქმდეს მოსამართლის საოქმო განჩინება, რადგან დაცვის მხარეს უარი გვეთქვა პირების დაკითხვასთან დაკავშირებით, რომ თანაბარ პირობებში მოგვეხდინა მტკიცებულებების გამოკვლევა. ასევე ვითხოვთ, რომ უდანაშაულოდ იყვნენ ცნობილნი მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.
მოლოდინი სამართლებრივი თვალსაზრისით ნაკლები გვაქვს, ვინაიდან საქმე გვაქვს პოლიტიკურ დევნასთან, ჩვენ დაველოდებით ყველა სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რათა სტრასბურგის სასამართლოს მივმართოთ. სტრასბურგის სასამართლოს მოუწევს იმსჯელოს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევასთან დაკავშირებით“, - განაცხადა არჩილ ჭავჭანიძემ.
„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლომ 23 ივნისს, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, მათ 8-8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ამასთან, აეკრძალათ თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.