აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ირანზე ეკონომიკური ზეწოლის გასაძლიერებლად ყოველკვირეულად ახალი მეორადი სანქციების დაწესებას გეგმავს. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა სკოტ ბესენტმა Reuters-თან განაცხადა.
ბესენტის თქმით, სანქციების საწყისი სამიზნე ბანკები იქნება. მისი განცხადებით, ერთ-ერთი შესაძლო შემდეგი ნაბიჯი შესაძლოა კონკრეტული ფინანსური ინსტიტუტის დოლარზე დაფუძნებული საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან სრულად გათიშვა იყოს.
ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აშშ-მა პარასკევს ეგვიპტური Banque Misr-ის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე ფილიალებს ირანთან სავარაუდო ფინანსური კავშირების გამო სანქციები დაუწესა. აშშ-ის ხელისუფლების განცხადებით, ბანკის საამიროების ფილიალები ირანთან დაკავშირებული კომპანიებისთვის ფინანსური არხის ფუნქციას ასრულებდნენ.
„ყოველ კვირას კიდევ ბევრ ასეთ სანქციას იხილავთ. ჩვენ ბანკებიდან ვიწყებთ და ბანკებს ვეუბნებით, რომ ირანული ფულის მიღება და რეჟიმისთვის დახმარების გაწევა დაუშვებელია“, - განაცხადა ბესენტმა G20-ის ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელების შეხვედრის წინ
ბესენტის განცხადებით, ვაშინგტონი ასევე ცდილობს სხვა ქვეყნებს მოუწოდოს, ირანთან ეკონომიკური კავშირები შეწყვიტონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათაც შესაძლოა მეორადი სანქციები დაემუქროთ.